„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგანგებო ბრიფინგზე, სადაც პარტიის გაყოფაზე ისაუბრეს, სიტყვით გამოვიდა გიგი უგულავა. მან განაცხადა, რომ პარტიის ერთიანობის შესაძლებლობის 1%-იც რომ ყოფილიყო, ამას გამოიყენებდა.
„ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. ის იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე. ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი ციხეშია, მათ შორის - ამ პარტიის გენერალური მდივანი. დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანური ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი ლელა ქებურიას (რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვიდა ამ პარტიაში და კორცხელში იმ მუტრუკებს გადაეფარა), დაუწყებს „კაჩავს“, ეს ადამიანი აღარ არის ლიდერობის ღირსი. მე ამას ვამბობ გულისტკივილით.
ჩვენ პოლიტიკოსები ვართ მანქანებივით, რომელიც გემსახურებით თქვენ - ხალხს, როცა მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს, ან ოჯახის წევრები გაასეირნო შაბათ-კვირა, მაგრამ თუ ანტიკვარად არ იქცა და ისევ გაწუხებს, მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, ეს მანქანა მოისროლო ჯართში, ყველა პოლტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე. ჩვენ ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს. ჩვენ 2012 წელს ჩამოვვარდით კვარცხლბეკიდან და ესე იყო ხალხის გადაწყვეტილება, ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ძალიან მძიმე გზის გავლა. ხელახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მათ შორის, ბევრი არასწორი ქმედება გავაანალიზოთ და დავძლიოთ პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში ადამიანებს აწუხებთ.
ჩვენ ვიყავით თავისუფალი ადამიანების მოძრაობა და ვქმნით ასეთ მოძრაობას. პოლიტიკა ყოველთვის არის ჭიდილი ინტერესების და ამ ჭიდილში იბადება საუკეთესო. აი, ამ მარაზმში, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდი, რა თქმა უნდა, ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
დიახ, პასუხისმგებელი ამ ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი, ვინც შექმნა ეს პარტია. მაგრამ ამაზე საუბარი უნდა დავამთავროთ. ნულიდან ვიწყებთ ახალ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ არაფორმალურ რეჟიმს. აქეთ რჩება პროგრესი და აქეთ რჩება თავისუფლება. ვიაროთ წინ და მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობა. პარტია, რომელიც გამორიცხავს არჩვენებს, როგორც ბრძოლის მეთოდს ის აღარაა პარტია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ვაჩვენებთ რომ ეს ძალა არის წორედ ალტერნატივა. მე დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე ბევრი ადამიანი გამოგყვება," - ამბობს გიგი უგულავა.