
ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ქვეთავში, რომელიც საქართველოს ეხება, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, წამება და არასათანადო მოპყრობა, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, მედიის თავისუფლება და მთავარი საერთაშორისო აქტორების საკითხებია მიმოხილული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს არ აქვს სამართალდამცავთა დანაშაულების გამოძიების ეფექტიანი მექანიზმი. იგი საიას მონაცემებს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ნოემბრის შემდეგ, 12 თვის განმავლობაში, ორგანიზაცია წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდების 62 შემთხვევას ითვლის. მათგან 45 პოლიციის მხრიდან ძალადობას ეხება, 17 კი - საპატიმრო დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან.
ანგარიშში ნახსენებია რეპრესიული ნარკოპოლიტიკაც, დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე.
რაც შეეხება პოლიტიზებული მართლმსაჯულების ქვეთავს, ანგარიშში საუბარია ე.წ. „კაბელების საქმესა“ და ბრალდებულთა დაკავების შემდეგ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებაზეც.
ანგარიშში საუბარია ვანო მერაბიშვილის საქმეზეც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ წინასწარი პატიმრობის განახლებას გონივრული საფუძველი აკლდა.
რაც შეეხება LGBT ჯგუფის უფლებებს, ანგარიშში საუბარია კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმზე, რომელიც პრეზიდენტმა დაბლოკა, პრემიერის არგუმენტით კი, იგი ანტიდასავლურ პროპაგანდას შეანელებს. ამასთან, საუბარია ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობებზე და მოყვანილია WISG-ის მონაცემები, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმის 20-მდე შემთხვევას ითვლის.
ანგარიშში ასევე საუბარია ქალებზე ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ანგარიშზეც, რომლის თანახმადაც, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, ქალთა მიმართ ძალადობა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რაც პატრიარქალური დამოკიდებულებებითა და გენდერული სტერეოტიპებით არის გამოწვეული.