ჟურნალისტი ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველი გახდება.
„ძირითადად, სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები და საზოგადოებასთან ურთიერთობა - ამ კუთხით ვიქნები კონსულტანტი გენერალური დირექტორის. დღეს საბუთებს მოვუყრი თავს. გადაწყვეტილება ორმხრივად მიღებულია. ახლა უკვე ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. უახლოეს დღეებში შევუდგები საქმიანობას" - განუცხადა „ლიბერალს" ია ანთაძემ.
ია ანთაძე 2016 წლის ბოლომდე ტელეკომპანია GDS -ში გადაცემა „59“ წამის პროდიუსერი იყო. ია ანთაძე ასევე არის „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. წლების განმავლობაში ის „რადიო თავისუფლებაში" მუშაობდა ჟურნალისტად. ია ანთაძე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელია.