განათლების მინისტრმა „ლიბერალთან“ 2016 წლის დეკემბერის ბოლოს ჩაწერილ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში მწვავედ დგას ტუალეტების მოწყობის საკითხი.
„კიდევ ერთი მაგალითი უნდა მოვიტანო, რომელიც ტუალეტებს შეეხება. მე ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. გაწონასწორებული ადამიანი ვარ, შემამჩნევდით, მაგრამ ეგ არ შემიძლია; მგონია, რომ ტუალეტის საკითხი ისეთია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება“, - განუცხადა „ლიბერალს“ ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისივე თქმით, გასაგებია, რომ ბევრი სველი წერტილი გასარემონტებელია, მაგრამ რა დონეზეც სკოლას ტუალეტის გაკეთება შეუძლია, უნდა გააკეთოს.
„მე ამ დირექტორებს ვეტყვი, რომ თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი მე ტუალეტებს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებში შევიტან, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრ თვითმმართველობას ჰქონია ის ფული, რომელიც ტუალეტების მოწყობას ეყოფა“, - ამბობს ჯეჯელავა.