მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან არ იცოდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტია „ევროპული საქართველო" შექმნეს.
„მე მგონია, ყველაფერი თქვეს უკვე და არავის ეჭვი აღარ ეპარებოდა, თუ რას აპირებდნენ. თავიდან მთელი იდეა დაფუძნებული იყო მინიმუმ არაგულწრფელობაზე. არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე შეიქმნა პარტია „ევროპული საქართველო“, მე არ ვიცოდი, რომ შეიქმნა. მე არ ვიცოდი, რომ გიგი წერეთლის მამას დაარეგისტრირებინებს რაღაც პარტია, რომელზეც გადააფორმეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფულის ნახევარი და ბევრი სხვა რაღაც კიდევ. გამზადებული პლატფორმა იყო, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამჯდარიყვნენ სხვა მატარებელში. რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე შეიქმნა პარალელური პლატფორმა და შემადგენლობა, ეს ხომ ფაქტია. ხუთასი ათასამდე ადამიანმა მისცა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთმა ამომრჩეველმა მაინც იცოდა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აძლევდა ხმას ასეთ პარტიას დასახელებით „ევროპული საქართველო”? მე არ ვიცოდი. ეს არის პირველი დიდი ტყუილი.
მეორე ხომ იძახდნენ, რომ მიშას ჩვენ ვაღიარებთ, ახლა ხომ თქვეს რომ მიშაა მთავარი პრობლემა. ესეც ღიად აღიარეს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს კარგია, კარგი გაკვეთილია, რომელიც მათ შორის მე ჩამიტარეს. ხალხი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ამომრჩეველს მიუდგა არაკეთილსინდისიერად, ისევ შეხვდება ამომრჩეველს და ხალხს ეს არ დაავიწყდება. პარტიაში უნდა დარჩეს ალალი ხალხი, ვისაც იდეის სჯერა." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.