ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. წესის ცვლილებამ საქართველოში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა გამოიწვია. დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამან ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.
სპეციალისტები ავრცელებენ მანიფესტს და მიმართავენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს:
„მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით 40% შემცირდა, რის გამოც თბილისში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი სამი ფსიქიატრიული განყოფილება იძულებული გახდა შეეწყვიტა პაციენტების მიღება და გაეუქმებინა 90 მწვავე საწოლი.
თბილისში მომსახურებას განაგრძობს მხოლოდ ორი ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც არის გადავსებული და, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც კი უარს ეუბნება პაციენტების მიღებაზე. შედეგად ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები რჩებიან მომსახურების გარეშე.
2017 წლის საბიუჯეტო დადგენილებით სახელმწიფო ძირეულად ეწინააღმდეგება 2015 წელს მის მიერვე მიღებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმას და უარს ამბობს თანამედროვე, ჰუმანურ და ხარისხიან ფსიქიატრიულ მომსახურებაზე.
დარგის სპეციალისტთა აზრით დაუშვებელია რეფორმის შედეგად შექმნილი ფსიქიატრიული სერვისის გაუქმება დაფინანსების მოდელის გაუაზრებელი ცვლილების გამო.
მოვითხოვთ ხალისუფლების და დარგის პროფესიონალების თანამშრომლობით მოხდეს ბიუჯეტის ცვლილება და დადგენილების გადახედვა პაცინტთა ინტერესების, უფლებების, ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ღირსეულად დაცვის სასარგებლოდ.
მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ თქვენი ხელმოწერით".