„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ მოლაპრაკებების შეჩერას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას ენმ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუციაც გააცნო. გოცირიძის შეფასებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკების პირობები ეროვნული ინტერესების დამაზარალებელი და ეკონომიკურად წამგებიანია.
„ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში“.
გოცირიძის განმარტებით, ამ ხელშეკრულებით ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ დოლარს კარგავს. იმ ფულით კი, რასაც „გაზპრომი“ საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ მისცემს, ვერ ვიყიდით იმის ნახევარ გაზსაც, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიტოვებდით. ენმ-ს ლიდერი მიიჩნევს, რომ იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველო ეწევა მილის საექსპლუატაციო მომსახურების სახით, გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ.
„რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიმბოლური იქნება. გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური კაპიტულაციის, ან არაკომპეტენტურობის ან ვიღაცების პირადი დაინტერესების ანუ კორუფციის შედეგი. ამ რეზოლუციით ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი და თუ ხელმოწერილია ხელშეკრულება, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს გაუქმებაზე მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.