მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის შორენა ზედგინიძის თქმით, ყოფილი მანდატური, რომელმაც 15 წლის მოსწავლესთან სავარაუდოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა, სამსახურის თანამშრომელი დეკემბრიდან აღარ არის. მისი განმარტებით, წლის ბოლოს მანდატურის სურვილითვე შეწყდა ხელშეკრულება.
„სკოლაში ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ხელშეკრულების ვადა უკვე შეწყვეტილი იყო. სკოლამ მიიღო შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების გადაწყვეტილება,- ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება. როგორც ვიცით მიმდინარეობს გამოძიება, დანარჩენს გამოძიება დაადგენს“,- უთხრა ლიბერალს შორენა ზედგინიძემ.
იმერეთში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა. შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.