Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შპს „დიდი დიღმის გაზი": პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია

22 იანვარი, 2017 11:46

დიდი დიღმის აბონენტები, რომელთაც გუშინ გაზი მაღალი წნევით მიეწოდათ, ბუნებრივ აირს ჩვეულებრივ რეჟიმში იღებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს" შპს „დიდი დიღმის გაზში” განუცხადეს.

მათი თქმით, გაზის მაღალი წნევით მიწოდების გამო, აბონენტებს გაზი ორი საათით შეუწყდათ და მიწოდება გუშინვე - 18:00 საათიდან აღდგა. პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია. 

მათივე ინფორმაციით, აბონენტებს, რომელთაც გაზქურა დაუზიანდა, ზარალი აუნაზღაურება. ამასთან, როგორც „დიდი დიღმის გაზში" განმარტავენ, გაზის მაღალი წნევით მიწოდება გამოიწვია იმან, რომ არ იმუშავა ჩამკეტმა მოწყობილობამ, ე.წ. ავტომატმა, რომელიც „ყაზტრანსგაზის” დანადგარზე დგას. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. 

გუშინ, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ბუნებრივი აირის წნევის მომატების გამო რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა,- ამ ინფორმაციას ერთ-ერთი მოქალაქე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც მან „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტა, ბუნებრივი აირის წნევის მომატების გამო სამზარეულოში უცებ აგიზგიზდა ცეცხლი. ამ დროს სახლში ის, მისი შვილი, ფეხმძიმე რძალი და შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

„გარდა მატერიალურისა, ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია ის მორალური ზარალი რაც მივიღე. დღეს მე სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მე და ჩემი შვილი ამაოდ ვცდილობდით ცეცხლის ჩაქრობას, რომ არ დამხმარებოდა მეზობელი და არ გადაეკეტა გაზი, ალბათ წამებში ავფეთქდებოდით“.

„ლიბერალი“ მომხდარის გადასამოწმებლად კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისს“ დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ დიდი დიღმის გაზმომარაგებაზე შპს „დიდი დიღომი“ ზრუნავს. შპს-ში კი აცხადებენ, რომ ავტომატური სადგური, რომელიც ბუნებრივი აირის წნევას არეგულირებს, „ყაზტრანსგაზს“ ეკუთვნის.

„შეფერხება მოხდა ავტომატურ სადგურზე, რომელიც წნევას ადაბლებს და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში 4 კორპუსს მაღალი წნევით მიეწოდა გაზი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას. ჩვენი და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან, ზარალს ითვლიან და ვითარებაში ერკვევიან. თუკი იქნება ზარალი, მას ავანაზღაურებთ",- განუცხადეს „ლიბერალს“ შპს „დიდ დიღომში“.

დაზარალებული ქაბატონი „ლიბერალთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მასთან ნამდვილად იყვნენ კომპანიისა და შპს-ს წარმომადგენლები და ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^