იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ევროსაბჭოს კონვენციის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებისთვის მომზადდა, მთავრობამ დაამტკიცა. შესაბამისად, ცვლილებები მალე პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის ოცამდე საკანონმდებლო აქტში. მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, შრომის კოდექსში, პოლიციის შესახებ კანონსა და ა.შ.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის უკვე, არა მარტო ოჯახში, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის გარდა, სტამბოლის კონვენცია ლგბტ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებსაც არეგულირებს.
ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) მიღებულია სტამბულში 2011 წლის 7 მაისს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.
დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია ევროპისსაბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.
2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ხელი მოეწერა კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს მოეხდინა რატიფიცირება კონვენციასთან, ამისათვის, პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და მისი შესაბამისობაში მოყვანა კონვენციასთან. შესაბამისად, 2014 წლის მეორე ნახევარში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტზე მუშაობა, რომელიც ორი წელი გაგრძელდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობდნენ და მოითხოვდნენ ცვლილებების მიღების დაჩქარებას. ამასთან დაკავშირებით გასულ წელს არაერთი შეხვედრა მოეწყო. მხოლოდ, დღეს გახდა შესაძლებელი ცვლილებათა პაკეტის მთავრობისთვის წარდგენა.