სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და მალე პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება -ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდება.
ასევე, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.
სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 133 სეკუნდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ქალთა წინადაცვეთის კრიმინალიზაციას.
„ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება გამსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული და ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არსრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის უკვე, არა მარტო ოჯახში, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს.
ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) მიღებულია სტამბოლში 2011 წლის 7 მაისს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.
დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია ევროპისსაბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.
2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს მოეხდინა რატიფიცირება, პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და მისი შესაბამისობაში მოყვანა კონვენციასთან. შესაბამისად, 2014 წლის მეორე ნახევარში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტზე მუშაობა, რომელიც ორი წელი გაგრძელდა.