Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დევნილთა შემწეობის როგორ მოდელს დაუჭერს მხარს სოზარ სუბარი

02 თებერვალი, 2017 19:24

„არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ადამიანი, ოჯახი, რომელსაც არ უჭირს, არ აქვს ეკონომიკური პრობლემა, იღებდეს დახმარებას და ვისაც მართლა უჭირს, იჩაგრებოდეს“, - განუცხადა „ლიბერალს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.
დევნილის სტატუსის მქონე ადამიანები 45-ლარიან შემწეობას იღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამგვარი სტატუსი 219 583 ადამიანს აქვს მინიჭებული.


გასული წლის ნოემბრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები დევნილთა შემწეობის განაწილების ახალ პრინციპს განიხილავენ.

მინისტრმა, სოზარ სუბარმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ შემწეობის გადანაწილების რეფორმის ვადებს ჯერ ვერ დაასახელებს, რადგან კონკრეტულ მოდელზე არ შეჯერებულან და, შესაბამისად, უცნობია, რა ვადებში მიიღებს პროექტს პარლამენტი განსახილველად.

მინისტრის აზრით, შემწეობის ახალი მოდელი მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული სოციალური დახმარების სისტემასთან და ამ შემთხვევაში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ჩართულობის საჭიროებაც დადგება

„მოდელი, რომელსაც მხარს ვუჭერ (რა თქმა უნდა, ბევრი მოდელი განიხილეს. მე ამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა არ მიმიღია), არის შემდეგი: ყველა იმ დევნილს, რომელსაც ჯერ არ მიუღია ბინა, მაგრამ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და დაბალი ქულები (დავუშვათ 57 ათასის ქვემოთ), გაუორმაგდეს დახმარება, ხოლო სოციალურად დაუცველის სტატუსის, ოღონდ შედარებით მაღალი ქულების მქონეთ შეუნარჩუნდეთ ეს 45 ლარი. ვინც მიიღო სახელმწიფოსგან ბინა, გადავიყვანოთ ჩვეულებრივი სოციალური დახმარების სისტემაზე. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, რადგან ჩვენთვის ბინების გადაცემისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია სოციალურად დაუცველობა, ანუ ეს ადამიანები არიან შედარებით უფრო მოწყვლადი ფენა, შესაბამისად, მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და თუკი არ აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიაკითხეს სააგენტოს, რადგან 45 ლარს მაინც იღებდნენ, 60-ლარიანი განსხვავების გამო, არ უღირდათ მისვლა და შეწუხება და ა.შ. მათი უმრავლესობა ამ სოციალურ დახმარებას მიიღებს, თუმცა იქ არიან ოჯახები, რომლებსაც აქვთ შემოსავალი და თუ ადამიანს სახელმწიფომ მისცა ბინა და მას აქვს შემოსავალი, ის უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის მისი მეზობელი თბილისში, ზუგდიდსა თუ ქუთაისში. ეს არანაირად არ შეეხება მათ დევნილის სტატუსს და უფლებას საკუთარ სახლში დაბრუნებაზე, რაც გადავა თაობიდან თაობაზე, სანამ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

არასამთავრობო ორგანიზაციის - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ წარმომადგენელი, დიმიტრი ზვიადაძე ამბობს, რომ შემწეობის მიღებისას შემოსავლების მიხედვით დევნილთა გამიჯვნა 2012-13 წლებში დაიწყო და ახლა სწორედ ეს პროცესი გრძელდება, უფრო სიღრმისეულად და სერიოზულად.

„2012-13 წლებში შემწეობის მიღება შეუწყდათ იმ დევნილებს, რომელთა შემოსავალიც 1250 ლარს აღემატებოდა. მართალია, მაშინ ეს რიცხვი საიდან მოვიდა და რა დასაბუთება ჰქონდა, არავინ იცის, მაგრამ ეს იყო ხელოვნური, თუმცა პირველი ნაბიჯი, რომ სახელმწიფოს გაემიჯნა დევნილთა მაღალშემოსავლიანი  ჯგუფი, ყველა დანარჩენისგან, ვისაც ნამდვილად ესაჭიროებოდა დევნილთა შემწეობა, ამჟამად მიმდინარეობს ამ პროცესის გაგრძელება, ოღონდ უფრო სერიოზული და სიღრმისეული დისკურსია, თუ რა კრიტერიუმის საფუძველზე შეიძლება ამდაგვარი გამიჯვნა“, - ამბობს დიმიტრი ზვიადაძე 

დიმიტრი ზვიადაძის განცხადებით, ორ სხვადასხვა უწყებაში არ უნდა არსებობდეს ერთმანეთის მსგავსი, პარალელური სისტემა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვისგან თავის ასარიდებლად.

„არ უნდა არსებობდეს პარალელური სისტემა, როდესაც რამდენიმე უწყება გასცემს მსგავსი ტიპის სოციალურ შემწეობას (და დევნილთა შემწეობა ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ როგორც სოციალური შემწეობა); სხვადასხვა უწყება ეწევა ერთსა და იმავე ან იდენტურ საქმიანობას, ეს უნდა იყოს სისტემატიზებული, რადგან ეს ალოგიკურია და საბოლოო ჯამში სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს“, - ამბობს დიმიტრი ზვიადაძე 
ზვიადაძის რეკომენდაციით, შემწეობის მოდელზე მუშაობა გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს და მასში დევნილთა საზოგადოებაც იყოს ჩართული
„რეკომენდაცია, რომლის თამამად თქმაც შეიძლება, არის ის, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია. ამაში იგულისხმება კონსულტაციები არა მარტო ორგანიზაციების ვიწრო წრესა და ცალკეულ ექსპერტებთან, არამედ გატანა უფრო ფართო სამსჯავროზე, იმავე დევნილთა საზოგადოებასთან მათი ჩართულობით (ამისი ფორმები და მეთოდები არსებობს) და ასევე მედიასაშუალებებთან. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ზედმეტი ვნებათაღელვის თავიდან აცილებას“, - ამბობს დიმიტრი ზვიადაძე
სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა წლების განმავლობაში იგეგმებოდა. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე მუშაობდნენ და მოითხოვდნენ არსებული მოდელის გადახედვას.  
„2008 წელს ეს თავის სტრატეგიაში ეწერა მაშინდელ ხელისუფლებას, 2015 წელს ეს ჩვენც გვეწერა სტრატეგიაში“, - ამბობს სოზარ სუბარი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „აფხაზთა კრებაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები 2 თებერვალს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ აქცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან გაიმართება. 

„ხელისუფლებამ დევნილებზე შეტევა დაიწყო. 45-ლარიან სოციალურ დახმარებას აუქმებს და მათ ერთადერთი სტაბილური საარსებო საშუალების გარეშე ტოვებს, შიმშილისა და სიცივისთვის იმეტებს, დევნილის სტატუსს ართმევს, რითაც აპირებს უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე და საბოლოოდ, ეს ტერიტორიები რუსეთს გადასცეს. ეს მოღალატური გეგმა უნდა ჩავშალოთ. ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ საზოგადოების აქტიურობას და პროტესტს შეუძლია. არა დევნილთა ძარცვას, არა საქართველოს მთლიანობის ხელყოფას", - განაცხადა წიკლაურმა პრეკონფერენციაზე
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^