ტრანსგენდერ ქალის, ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის ნაწილში და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატ ციალა რატიანის განმარტებით, მსჯავრდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, შედეგად, მოსამართლემ ნაწილობრივი შეკრების პრინციპი გამოიყენა და დამატებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სასამართლოს სასჯელის განსაზღვრის დროს სამ გარემოებაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება მოტივის დასადგენად. ეს არის დანაშაულის ჩადენის ადგილი. ე.წ. პლეშკა, სადაც სექსუალური მომსახურების გამწევი პირები ხშირად არიან კლიენტების თავდასხმის ობეიქტები. ასევე რადიკალურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ხშირად არიან თავდასხმის ობიექტები. მეორეც, ბრალდებული ამბობს, რომ დაზარალებულს იცნობდა ქსნის ნომერ მე-15 სასჯელაღსურების დაწესებულებიდან. ყველამ კარგად ვიცით, როგორი იერარქიული დამოკიდებულება აქვთ პატიმრებს ერთმანეთთან. დაზარალებული იყო დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, ხოლო ბრალდებული - პრივილეგირებულში და შესაბამისი დამოკიდებულებაც ჰქონდა. მესამე გარემოება - დანაშაულის ჩადენის ხერხი: გამოყენებული იყო როგორც ბეტონის ფილა, ასევე დანა. დამტვრეული იყო ყველა ძვალი, მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, ყელი იყო გამოჭრილი, რაც განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებს" - ამბობს რატიანი.
მისი თქმით, ეს სამი მიზეზი მუთითებდა იმაზე, რომ დანაშაული ტრანსფობიური სიძულვილის მოტივით იყო ჩადენილი, რასაც პროკურატურა არ იზიარებდა.
32 წლის ტრანსგენდერი ქალს 14 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.