
„მე ვიყავი ვასილ მაღლაფერიძის კონკურენტი, როდესაც ვმონაწილეობდი გენერალური დირექტორის არჩევნებში და პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც შენ იმარჯვებ და გამარჯვებისთანავე ადამიანს უხურავ გადაცემას. მე არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი ასე მშვიდად და წყნარად გადავყლაპო, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, ის ამ საქმეს სასამართლოში გააგრძელებს.
„მე, რომელიც 30 წელია ჩემ საქმეს ვაკეთებ, ჩემთვის არის დისკვალიფიკაცია, როცა მე მეუბნებიან, რომ შენი გადაცემა ახლა უნდა წავიდეს აქედან, კარგად ბრძანდებოდეთ. უნდა ჩავთვალოთ, რომ ვერ ვაკეთებ კარგად საქმეს, რადგან მიშვებენ. ამიტომ მე ყველა ვარიანტში უნდა გავაგრძელო ეს საქმე სასამართლოში. მიმაჩნია, რომ ჩემი კალიფიკაციის ადამიანი და ის ადამიანები, რომლებსაც გაუშვებენ - დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კარგი პროფესიონალი მოხვდება ამ სიაში, იმიტომ, რომ ამ სიას ადგენენ ნაკლები კვალიფიკაციის ადამიანები. ამიტომ ეს საქმე ასე მარტივად ვერ დამთავრდება. ეს ქალბატონმა ია ანთაძემაც და ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემაც კარგად უნდა გააცნობიერონ”, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მისი ინფორმაციით, 800 ადამიანი უნდა დარჩეს ტელევიზიაში, ხოლო 500 გასაშვებთა სიაში წერია.
„ეს სია უკვე შედგენილია. რომელ კაბინეტში შედგა, ესეც ვიცი... სად შედგა ეს სია, ეს თვითონ თქვან, მე არ მინდა ამაზე საუბარი. კითხეთ და იმედია, ეყოფათ გამბედაობა, რომ ეს კაბინეტი დასახელდეს... მე უნდა ვიცოდე, ვის უშვებს და ვის ტოვებს, თუ დატოვებს იმ ადამიანებს, რომლებმაც დააზიანეს ტელევიზია და მაინც მაღალ ხელფასებზე გააგრძელებენ მუშაობას და წავლენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეაკვდნენ ამ ტელევიზიას, ასეთ შემთხვევაში მე არანაირ შეთავაზებას არ მივიღებ. იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები თავის საქმეს პირნათლად ასრულებენ და ის ადამიანები, რომლებიც პირნათლად არ ასრულებდნენ თავის საქმეს, ვერ დავუჭერ მხარს მათ დარჩენას ტელევიზიაში“, - აცხადებს ზაუტაშვილი.