განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პედაგოგებისთვის ტრენინგებს მასწავლებლის სახლის გარდა სხვა ორგანიზაციებით ჩაატარებენ. მინისტრის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს, როგორც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, ასევე საგნობრივი ასოციაციები და წამყვანის სტატუსის მქონე სკოლები.
მისი თქმით, ვინაიდან აქამდე მასწავლებლებისთვის ტრენინგს მხოლოდ მასწავლებლის სახლი ატარებდა, ყოველთვიურად დაახლოებით 100-მდე მასწავლებელს შეეძლო ტრენინგის გავლა, რაც საკმარისი არ იყო. ამის მაგალითად მინისტრმა 2016 წლის სტატისტიკა მოიტანა, რომლის თანახმადაც 2016 წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი 800 პედაგოგს მიანიჭა, და აღნიშნა, რომ ეს დაბალი მაჩვენებელია.
იმისათვის, რომ პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს და 19 კრედიტქულა დააგროვოს, საჭიროა გაიაროს ტრენინგი.
„ვიღაცისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად გამოცდა იყო ბარიერი, მაგრამ ბევრი გვყავს ისეთი ვისაც გამოცდა ჩაბარებული აქვს, მაგრამ რეალურად ელოდება ტრენინგებს, რადგან არ ტარდებოდა ეს ტრენინგი. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც არის უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია, ამავე სტილში იქნება აკრედიტაცია ტრეინინგების, მაგალითად ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმაღლესი სასწავლებლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ ტრენინგებში, მაგალითად რეგიონებში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტები, ცალსახად ყველა მათგანი გამოთქვამს დაინტერესებას, ეს მათთვის იქნება დამატებითი შემოსავალი, რაც კარგია. ასევე ტრენინგების ჩატარებას შეძლებენ საგნობრივი ასოციაციები, სადაც მაღალკვალიფიცირებული ხალხია გაერთიანებული. გარდა ამისა, მომავალში, ერთ-ერთი დატვირთვა წამყვანი სკოლის სწორედ ეს იქნება, (ჯერ მარტო სტატუსი გვაქვს წამყვანი სკოლის, თუმცა წამყვანი სკოლები არა გვყავს) რომ მათ შეეძლებათ ტრენინგში ჩართვა, ანუ სკოლა რომელსაც თვითონ ყავს ძალიან მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები შეიძლება იყოს ტრენერი იმ რეგიონში არსებული სხვა სკოლებისთვის“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ტრენინგებს კვლავ სამინისტრო დააფინანსებს.
მინისტრის თქმით, მოლოდინია, რომ 2017 წელს უფროსი მასწავლებელი გახდება დამატებით 4000-4500 მასწავლებელი, რაც მასწავლებელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 7-8%-ია. დაახლოებით 16 000 მასწავლებელს დღესდღეობით უკვე აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, შესაბამისად, დაახლოებით 20 000 პედაგოგს ექნება უფროსის სტატუსი.