განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსების თაობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, პედაგოგთა ანაზღაურება საათობრივად დაფინანსდება, თავისუფალი გაკვეთილის ერთი საათი მასწავლებლისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და საჭირო ინვენტარის შეძენისთვის 8 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით ანაზღაურდება. ანუ, თავისუფალი გაკვეთილის ერთი საათი გულისხმობს 8 ლარს ადმინისტრაციისთვის, 8 ლარს პედაგოგისთვის და 8 ლარს - ინფრასტრუქტურული ხარჯისთვის.
„მომავალში ვაპირებთ, რომ თავისუფალი გაკვეთილებისთვის საათობრივი ანაზღაურება გავზარდოთ, ახლა დადგა ასეთი რისკი, რასაც თავიდანვე მე ვერ ვხედავდი, როგორც ჩანს, რომ გაცილებით მეტს თუ გადავუხდით მასწავლებელს თავისუფალ გაკვეთილში, ვიდრე ჩვეულებრივ გაკვეთილში, შეიძლება, საქმე გავაფუჭოთ. ახლა დაახლოებით 6,75 ლარს იღებს მასწავლებელი ჩვეულებრივი გაკვეთილის ერთ საათში და თავისუფალი გაკვეთილის ერთი საათი განვსაზღვრეთ ცოტა მაღლა - 8 ლარის ოდენობით. ორჯერ მეტი ანაზღაურება რომ აიღოს მასწავლებელმა თავისუფალ გაკვეთილში, მეჩვენება რომ უსამართლობა იქნება. თუნდაც იმ პედაგოგის მიმართ, რომელიც ძალიან კარგ, ჩვეულებრივ გაკვეთილს ატარებს. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თანდათან გაიზრდება დაფინანსება, ახლა არის, ის რისი საშუალებაც გვაქვს. ეს არ არის ინსტრუმენტი, რომ მასწავლებლებს ფული დავურიგოთ, ეს არის იმისთვის რომ მოტივაცია გაჩნდეს უფრო მეტი, რომ ახალი ტიპის გაკვეთილები „შეიპაროს“ სკოლაში“,- განაცხადა მან.
სამინისტრო სკოლებისთვის „თავისუფალი გაკვეთილების“ ჩასატარებლად მცირე გრანტებს გასცემს, რისთვისაც ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში „თავისუფალი გაკვეთილის” ჩატარების შესახებ სამინისტროში შეიტანონ საგრანტო განაცხადი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც 3000 ლარით განისაზღვრება.
3000 ლარი პრიორიტეტულ ოთხ სხვადასხვა მიმართულებას მოხმარდება. ეს მიმართულებებია,- სპორტი, ხელოვნება, ინტელექტუალური და წიგნიერება. ამათგან სპორტული აქტივობისთვის გამოყოფილია 40 საათი, დანარჩენი მიმართულებებისთვის კი 20-20 საათი.
მინისტრის თქმით, ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული რამდენი კრედიტქულით შეფასდება თავისუფალი გაკვეთილები.
„თავისუფალი გაკვეთილები“ VII-VIII კლასების მოსწავლეებისთვის ჩატარდება.
„თავისუფალი გაკვეთილებისთვის“ საგრანტო კონკურსი თებერვალში გამოცხადდება. მანამდე კი სამინისტროში სკოლებისთვის გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისია დაკომპლექტდება.