ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობის შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო შრომითი უფლებების დარღვევების იდენტიფიცირება დასაქმების ისეთ ადგილებში, რომელიც სცდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან დასაქმების ადგილებს. კვლევა შეისწავლის მაღაზიებში კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებულ პირთა შრომით უფლებრივ მდგომარეობას. გთავაზობთ ამონარიდებს EMC-ის კვლევიდან :
„შრომითი ხელშეკრულების ხარვეზიანობისა და არასათანადო ანაზღაურების პრობლემა
კვლევამ აჩვენა, რომ კონსულტანტებთან შრომითი ურთიერთობა ინდივიდუალური ხელშეკრულებების გზით ხდება. ცალკეულ სუპერმარკეტებში ინდივიდუალური ხელშეკრულებები უვადოა, რიგ შემთხვევაში კი, პერიოდულად ახლდება. სახელშეკრულებო პირობებზე საუბრისას რესპონდენტები გამოყოფენ არასათანადო ანაზღაურების პრობლემას, არანორმირებულ სამუშაო დროს, ზოგიერთ შემთხვევაში სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ბენეფიტებისა და სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობას ან მათ სისუსტეს. პრობლემური საკითხია შინაგანაწესით რეგულირებული დასაქმებულთა მკაცრი დაჯარიმების სისტემა. კვლევაში მონაწილეთა თქმით, სუპერმარკეტის ქსელებში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებულთა თვიური ხელფასი 240-დან და 360 ლარამდე მერყეობს. გარკვეული ქსელის სუპერმარკეტებში, გამონაკლის შემთხვევებში, კონსულტანტის ხელფასის ოდენობა აღწევს 450 ლარს. სამუშაო დატვირთვის შესახებ საუბრისას კვლევაში მონაწილე პირები აცხადებენ, რომ კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ იმ შემთხვევაში, როდესაც 12 თუ 24-საათიანი ცვლები კვირაში რამდენჯერმე მეორდება. ერთ-ერთი რესპონდენ- ტი საუბრობს კვირაში 54-საათიანი რეჟიმის შესახებაც, როდესაც ზეგანაკვეთური შრომა რეგულარული ტარიფით ანაზღაურდება. გარკვეულ სუპერმარკეტებში ღამის ცვლაში მომუშავეთა სამუშაო ანაზღაურება არ განსხვავდება დღის ცვლის ანაზღაურებისაგან.
პრობლემური საკითხია ისიც, რომ გარკვეულ სუპერმარკეტებში ხელშეკრულების ხარვეზიანობა ბიულეტენით სარგებლობას შეუძლებელს ხდის. დამატებით, რიგ დასაქმების ადგილებზე არ აქვთ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობაც, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ანაზღაურებადი შვებულებით ექვსთვიანი, სხვა შემთხვევებში კი ერთწლიანი სტაჟის შემდეგ სარგებლობენ დასაქმებულები.
სხვადასხვა სუპერმარკეტში განსხვავებულია შესვენების ხანგრძლივობა და პირობები. რესპონდენტების თქმით, გარკვეულ შემთხვევებში დამსაქმებელი აღნიშნულის საჭიროებას სრულად უგულებელყოფს, განსაზღვრავს მოკლე და არასაკმარისი ინტერვალებით მწეველთათვის თუ კვებისთვის. რაც შეეხება კვებას, გარკვეულ სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებულებს საკვებ პროდუქციაზე შეღავათიანი ფასით სარგებლობა შეუძლიათ. ასეთ შემთხვევებში ინდივიდუალური დანახარჯი 2-დან 5 ლარამდე მერყეობს. რიგ სუპერმარკეტის ქსელებში დამსაქმებელი ფარავს ყოველდღიური კვების ხარჯს, 2 ლარის ოდენობით.
სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებულები ასევე საუბრობენ შინაგანაწესის სიმკაცრეზე, რაც ჯარიმების უსამართლო სისტემას გულისხმობს. აღნიშნული კი მათ თვიურ ანაზღაურებაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. გარკვეულ დასაქმების ადგილებზე კონსულტანტები საუბრობენ მენეჯერთა განსაკუთრებულ სიმკაცრესა და ფულადი ჯარიმების გზით დისციპლინირების პრაქტიკაზე. აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტის ქსელები კონსულტანტებს შესაბამისი უნიფორმით უზრუნველყოფენ, თუმცა რიგ შემთხვევებში უნიფორმის ხარჯი დასაქმებულის პასუხისმგებლობაა. უსამართლო შრომით ურთიერთობაზე საუბრისას მწვავე საკითხად გამოიკვეთა ზოგიერთ სუპერმარკეტში დახლზე დარჩენილი, ვადაგასული პროდუქციის კონსულტანტთა მიერ გამოსყიდვის ვალდებულება.
„კი, ამ შემთხვევაში ჩემი ბრალია, რომ გამომრჩა ეს ვადაგასული, მაგრამ ესეთი რაღაცა არ უნდა იყოს. რაც ბრუნდება [მომწოდებელ კომპანიაში], იქ თანამშრომელი არ უნდა დააზარალო. 15 ლარის ის მაყიდინეს დიაბეტურის ვადაგასულები, რომელსაც [გამო]ცვლის კომპანია და შენ თანამშრომელს აზარალებ.რაღაც ვადაგასულებს რომ ვყიდულობთ, ვჭამთ ჩვენ, ხომ არ გადავყრით აბა. ყველა მასეა“, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, რესპონდენტები სხვადასხვა დასაქმების ადგილებიდან მიიჩნევენ, რომ შინაგანაწესის სიმკაცრე არ განსაზღვრავს დასაქმებულთა შორის განთავისუფლებისადმი შიშს.
სამუშაო პერსონალის დანაკლისი და შრომის დანაწილების პრობლემა
სხვადასხვა სუპერმარკეტში სამუშაო დატვირთვის სირთულეს განსაზღვრავს შრომის დანაწილებისა და სამუშაო პერსონალის დანაკლისის პრობლემა. ეს კი განსხვავებული ვალდებულებების შეთავსების საჭიროებას აჩენს, რისთვისაც პერსონალს შესაბამისი უნარჩვევები, აღჭურვილობა და დრო არ გააჩნია. ერთ-ერთ სუპერმარკეტში დასაქმებულები ამბობენ, რომ ერთ ცვლაში მუშაობისას კონსულტანტს, შესაბამისი პერსონალის არარსებობის გამო, განსხვავებული ვალდებულებების შეთავსება ეკისრება. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: „დამლაგებელიც ჩვენ ვართ, კონსულტანტიც და მოლარეც, ვიყოფთ საქმეს, რაც არის გასაკეთებელი.“ გარკვეულ დასაქმების ადგილებზე კონსულტანტები პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ იმას, რომ მაღაზიებში ტექნიკური აღჭურვილობის მართვა, დასუფთავება და შენარჩუნებაზე ზრუნვა მათი პასუხისმგებლობა და მათ პოზიციასთან შეუსაბამო, არათანაზომიერი ვალდებულებაა.
რესპონდენტები განსაკუთრებით გამოყოფენ ჩართული მაცივრების წმენდის ვალდებულებას, რისთვისაც მომზადება არ გაუვლიათ და პირობებს არ გასცნობიან: „მე კონსულტანტი ვარ, მხეხავი ხომ არ ვარ“, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი მაცივრების დასუფთავების ვალდებულების შესახებ. ჯანმრთელობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ კონსულტანტები იმ პირობას, როდესაც მძიმე და მოცულობითი სარეალიზაციო პროდუქციის გადაადგილება ხელით და დამოუკიდებლად უწევთ ოთახებს შორის, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს:
„მძიმეებს რომ ვათრევ, ეს თირკმელი სულ მტკივა და უჰაერობაც მემართება, უკვე რაღაც იმაში გადამეზარდა. ეხლა ელემენტარული მძიმეს რომ ვწევ, ისეთი უჰაერობა მემართება, დამაწყნარებელს თუ არ დავლევ, არ მშველის არაფე- რი.“ ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს სხვა რესპონდენტი ქალიც: „ბიჭები არ გვყავს ჩვენ მაგალითად. დაცვა არ გვყავს, თორე დაცვა გვეხმარებოდა ხოლმე. ახლა დაცვაც მოხსნეს. თან იმ იმსიმძიმე კალათებია. გიწევს დღეში 100-ჯერ ჩასვლა იმ საშინელ კიბეებზე და ამოსვლა“.
დაცვის სისტემის გაუმართაობა და დასაქმებულთა უსაფრთხოება კვლევამ აჩვენა, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ფარული კამერების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა არასაკმარისი გარანტიაა ღამის საათებში მომუშავეთათვის თავდასხმის შემთხვევაში.
დამატებით, სამუშაო დარბაზში კონსულტანტებს არ აქვთ ტელეფონის ტარების უფლება, რის გამოც, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ დისტანციურად შეუძლიათ კომუნიკაცია კომპანიის დაცვის სამსახურთან. ეს ასევე გამორიცხავს საპატრულო პოლიციის გამოძახების შესაძლებლობას, დაცვის სამსახურის მონაწილეობის გარეშე. რესპონდენტების თქმით, გარკვეულ სუპერმარკეტებში შიდა მონიტორინგზე პასუხისმგებელი სამსახური ტელეფონით ცდილობს გაერკვეს მდგომარეობაში, დისტანციურად და არ რეაგირებს მყისიერად, როგორც ეს საპატრულო დახმარების გამოძახების შემთხვევაში იქნებოდა. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს საფრთხის შემცველ პირობებში ღამის ცვლაში მუშაობას: „მე თავს ვუშველე, რომ დღის სმენაში გადმოვედი, აი, ღამის სმენის გოგოები [ნერვიულობისგან] განადგურებულები არიან საერთოდ.“
ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს მომხმარებელთა მხრიდან თავდასხმის საშიშროებაზეც: „ჩვენთან ესეთი დევიზი აქვთ, ყოველთვის, ნებისმიერ მომენტში არის მომხმარებელი მართალი. უნდა შევეცადო, არ ავყვე, გაღიზიანებული მომხმარებელი ძალიან ბევრი შემოდის და მშვიდად უნდა შეხვდე ამ ყველაფერს. თუ რამე ისეთი, როცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოდის, იმ შემთხვევაში, ეგეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ რომ გქონდეს, ამ შემთხვევაში დაცვა, დაცვის სამსახურს დაუძახებ.“ სხვა სუპერმარკეტის ქსელში, სადაც დაცვის სამსახური არ არსებობს, მომხმარებელთა წინაშე დაუცველ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: „გეშინია, ელემენტარული ხმას ვერ იღებ მომხმარებელთან, რომ თავი დაიცვა", - წერია კვლევაში.