შრომის პირობების ინსპექციის მონიტორები „ფრესკოს" ერთ-ერთ ფილიალში იმყოფებიან. მონიტორები ამ წუთებში სწავლობენ, არის თუ არა ადგილზე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუპერმარკეტში თანამშრომლების მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე დაიწყეს მოკვლევა, სადაც საუბარია შრომითი უფლებებისა და პირობების ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა მაგალითად, 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი, სამუშაო პროცესში არსებული აკრძელვები, ანაზღაურების ხელოვნური დანაკლისებით გაცემისა და სხვა მძიმე შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევები.
ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც შრომის პირობების ინსპექციის ხელმძღვანელია, „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ დღეს მხოლოდ ერთ მაღაზიაში შევიდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები, მომავალში გადაწყდება, „ფრესკოს" კიდევ რამდენ მაღაზიაში შეამოწმებენ.
ინსპექტირების დეპარტამენტს შრომის პირობების შემოწმება თავად კომპანიის ნებართვის გარეშე არ შეუძლია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ ეცნობათ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ არსებული ეჭვი, დეპარტამენტს აქვს მანდატი, განცხადების ან გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დამსაქმებლის უნებართვოდ შევიდეს და შეამოწმოს კომპანია. იმ შემთხვევაში კი, თუ ადგილზე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა გამოვლინდა, საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს.