უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მედიის თავისუფლების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიღწევაა და მათი მიზანი არ არის რომელიმე ტელევიზიის დახურვა.
„არ მინდა, ახლა ექსკურსი გავაკეთო და შეგახსენოთ, როგორ კონტროლდებოდა მედია თქვენი მმართველობის პერიოდში და როგორ ფასადურად იყო ადამიანის უფლებები დაცული საქართველოში. ასევე მინდა, მარტივი არგუმენტი გითხრათ, ისინი, ვინც ცდილობთ, რომ სპექტაკლი დადგათ და თქვათ, თითქოს ხელისუფლებას უნდა, „დაახრჩოს” „რუსთავი 2” და დახუროს არხები - ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ „რუსთავი 2-ის” მაუწყებლობის პირობებში ცდილობდით გამოგეყენებინათ ეს არხი ინსტრუმენტად არჩევნების პერიოდში. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები და ეს არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ და მეტიც, შეურაცხმყოფელია უბრალოდ მთელი ჟურნალისტთა კორპუსისთვის, როცა ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელი, ბატონი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა ჟურნალისტები არიან მორჩილები და მხოლოდ ბატონი ნიკა არის თავისუფალი ჟურნალისტი? - უბრალოდ სირცხვილია ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებთ ჟურნალისტთა კორპუსს",- ამბობს არჩილ თალაკვაძე. მან მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით უმცირესობის შეკითხვებს ასე უპასუხა.