საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უმჯობესია, „რუსთავის აზოტის" შრომითი დავის განსახილველად სამმხრივი კომისია შეიკრიბოს.
„ლიბერალთან" საუბრისას ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მართალია, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს და სახელმწიფო შრომით დავის გადაწყვეტაში ჩართულია, მაგრამ „რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციას შრომით დავაში ჩართულობის გამოცდილება ჯერ არ აქვს. პარალელურად, მოსალოდნელია დასაქმების სხვა ადგილზე შრომითი დავის დაწყება, ამიტომ დიალოგი უფრო მაღალ დონეზე უნდა გაგრძელდეს. შეიკრიბოს სამმხრივი კომისია, რომელიც არა მხოლოდ რუსთავში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად, შრომით მდგომაროებაზე უფრო ფართოდ იმსჯელებს:
„ყველანი ვხედავთ, რომ მასობრივი ხასიათი მიიღო ადამიანების გათავისუფლების შემთხვევებმა. როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ წესრიგზე, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა, სახელმწიფო გადავიდეს ინტერესთა მხარეების მოდელზე - ითვალისწინებდეს არა მხოლოდ პოტენციური ინვესტორების პოზიციას, არამედ დასაქმებულების ინტერესებსაც. თუ გვინდა, რომ სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის გზას დავადგეთ, ისეთი შრომითი დავების შესახებ, როგორიც მაგალითად, „რუსთავის აზოტია", უნდა დაიწყოს დიალოგი უფრო მაღალ სახელმწიფო დონეზე. ამ შემთხვევაში, გვაქვს სამხრივი კომისიის ფორმატი", - აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დღეს პლენარულ სხდომაზე „რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება შესაძლებელია.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია სოციალური დიალოგისთვის შექმნილი სათათბირო ორგანოა. მასში შედის მთავრობის 6 წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა ექვს-ექვსი წარმომადგენელი.
სამმხრივი კომისიის ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარებას, აგრეთვე, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვას ყველა დონეზე.