დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრის ფორმატში ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარისას ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. მათი ხედვა ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ რეიტინგით უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა, მაგრამ ამ ნაწილში ბორდი მიიჩნევს, რომ რეიტინგი არ არის ერთადერთი ინდიკატორი მაუწყებლის შესაფასებლად.
მისი თქმით, ერთი კვირის თავზე, ხუთშაბათს, საბჭო წარმოადგენს თავის თვალსაზრისს, როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა.
„რეიტინგი და კიდევ რამდენიმე კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები. არა უბრალოდ საუბარი, არამედ გაზომვადი კრიტერიუმები, რითაც შევაფასებთ ტელევიზიას. ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი განვითარების გეგმა. ჩვენ მიერ წარდგენილი გეგმა არა თუ გადაიხედოს, არამედ შეიძლება, გვერდზეც გადაიდოს, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან რამეზე შევთანხმდით, რომ არსებულ ვითარებას აღარ დაუბრუნდება მაუწყებელი, დაიწყო დისკუსია და მთელი საზოგადოება შეთანხმდება, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი,“ - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე ისაუბრეს თუ არა შეხვედრაზე გადაცემების შეჩერების საკითხზე, ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ გადაცემების შეჩერებას მათი გეგმა ითვალისწინებდა, მაგრამ დღეს საბჭოსთან საუბრის მთავარი თემა იყო, რომ მაუწყებლის საქმიანობა არ უნდა გაზომოს რეიტინგით.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქცია 7 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები მენეჯმენტის მიერ წარდგენილ გეგმას გააპროტესტებენ.
ხვალ საზოგადეობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი სამოქალქო სექტორთან შეხვედრას გეგმავს.