"ბიბლუსის" ადმინისტრაცია თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებლისა და საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება ბიბლუსის მიმართ. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ პუნქტობრივ და კონკრეტულ პასუხებს რამდენიმე თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომლებიც დღეს გავრცელდა.
1. გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.
ბიბლუსი გალერის პასუხი: სამუშაო დრო არის 8 საათი, დამატებითი დროით, გაყიდვების სეზონური მატების პერიოდში დარჩენა ნებაყოფლობითია, რაშიც კონსულტანტები იღებენ ბონუსებსა და პრემიებს.
2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების 250 ლარი.
აქ მოყვანილი ციფრები მხოლოდ ხელფასია, ამის გარდა, კონსულტანტები იღებენ ბონუსებს, რომლებიც ხშირად ხელფასს 2-ჯერ და მეტჯერაც კი აღემატება (იხ. ვიდეო მიმართვაში მონაწილე ერთ–ერთი თანამშრომლის უწყისის ფოტოები). რეზერვის თანამშრომელი იგივეა, რაც ანაზღაურებადი სტაჟიორი.
3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.
ზეგანაკვეთური მუშაობა ნებაყოფლობითია და ხდება ბონუსების დარიცხვა.
4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულებთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;
ბიბლუსი გალერის შტატში მუშაობენ დამლაგებლები. კონსულტანტებს არ ევალებათ დალაგება, ხოლო პროდუქციის მითვლა და მისი მოვლა-პატრონობა კონსულტანტის მოვალეობაა.
5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშავოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბუნუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;
ბონუსების სისტემა მარტივი და ძალიან გამჭვირვალეა. გაყიდვებზე დამოკიდებული სამოტივაციო სისტემა აპრობირებული და მიღებულია მსოფლიოს ყველა წარმატებულ საცალო ქსელში. რეზერვის (იგივე, სტაჟირებაზე მყოფი) თანამშრომლები ბონუსს არ იღებენ. რეზერვის თანამშრომელი არის ანაზღაურებად სტაჟირებაზე მყოფი პიროვნება, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაში კომპანია დებს ინვესტიციებს და მათ ხელფასსაც უხდის. ბონუსების მაქსიმალური თანხა არის არა 250, არამედ 1000 ლარზე მეტიც.
6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.
მაღაზია აღჭურვილია კამერების სისტემით. კონსულტანტი ვალდებულია, სამუშაო ადგილზე იყოს ყურადღებით, რომ თავიდან აიცილოს ფასეულობების დაკარგვა - ქურდობა. დანაკლისების ზიანი ნაწილდება კომპანიასა და კონსულტანტებს შორის. ამ სისტემის შემოღებამ მთლიან ქსელში დანაკლისები დაახლოებით 2.5-ჯერ შეამცირა.
მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.
დეკემბერში მაღალი დატვირთვით მუშაობა ჩვეული მოვლენაა არამარტო ბიბლუსი გალერიში, არამედ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქსელსა თუ მაღაზიაში. ბიბლუსი გალერის კონსულტანტებმა აიღეს ზუსტად გათვალისწინებული, კუთვნილი ბონუსები, რომლებიც შესაბამისად, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა თვეებში. ორი კონსულტანტი გათავისუფლდა შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. კონკრეტულად, იქცეოდნენ აგრესიულად, მიატოვეს სამუშაო პოზიცია, რამაც გამოიწვია მომხმარებლის უკმაყოფილება. ასევე, აღნიშნულ თანამშრომლებს მანამდე ოფიციალურად ჰქონდათ გამოცხადებული საყვედურები არასათანადო მუშაობისა და დარღვევებისთვის.
ჩვენ ვითხოვთ:
1. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენას;
ზემოთ აღნიშნული თანამშრომლები გათავისუფლდნენ კანონიერად, ისინი ვერ აღდგებიან, ვინაიდან მათი მუშაობა არ იყო დამაკმაყოფილებელი.
2. მენეჯმენტის მხრიდან ჩვენი პროტესტის შეჩერების მიზნით, როტაციის პროცესის და სამუშაო ადგილიდან გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას;
ბიბლუსის ქსელი მოიცავს 52 მაღაზიას. როტაცია კომპანიის დადგენილი წესია, რომლის თანახმადაც, ხდება პერიოდულად კონსულტანტების გადანაცვლება ბიბლუსის ერთი ფილიალიდან მეორეში და ა.შ. კომპანია ვერ გაითვალისწინებს თანამშრომლების მეგობრულ ურთიერთობებს აღნიშნული როტაციების განხორციელებისას, შესაბამისად, ეს სისტემა სამართლიანია და არ შეიცვლება.
3. ჩვენთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების პირობების გადახედვას და მის შესაბამისობას მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან. მოვითხოვთ რომ ხელშეკრულებების გადახედვის პროცესი გაიმართოს დასაქმებულებისა და ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით;
ხელშეკრულება კანონთან შესაბამისობაშია, თუმცა ჩვენ, ისევე როგორც ადრე, ახლაც მზად ვართ ნებისმიერი საკითხის საქმიან გარემოში განხილვისათვის.
4. შეიცვალოს მძიმე და უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, მოხდეს სამუშაო დროის ნორმირება და შესრულებული ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით;
სამუშაო დრო არის 8 საათი, დანარჩენ დროს, გაყიდვების სეზონური მატების პერიოდში ნებაყოფლობითია დამატებით დარჩენა, რაშიც კონსულტანტები იღებენ ბონუსებსა და პრემიებს.
5. ბონუსების დარიცხვის სისტემა გახდეს გამჭვირვალე და დათვლის კოეფიციენტი იყოს ადეკვატური და სათანადო. ასევე ვითხოვთ, ბონუსების სისტემა გავრცელდეს რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე;
ბონუსების სისტემა მარტივია, თანამშრომლებისთვის უკეთ გასარკვევად და სისტემის უკეთ გასაცნობად მსურველებს შეუძლიათ მიმართონ მენეჯერებს ან სათაო ოფისს, HR განყოფილებას.
ბონუსების სისტემა ვერ გავრცელდება რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე მანამ, სანამ ისინი წარმატებით არ გაივლიან საკვალიფიკაციო ტესტებს და არ გადაინაცვლებენ კონსულტანტების რანგში.
6. გაუქმდეს დანაკლისების შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის უსამართლო და თვითნებური სისტემა, ამ მექანიზმის გამოყენება ჩვენს მიმართ მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაკლისი ჩვენს მიერ სამუშაოს არასათანადო შესრულებას და უშუალო ბრალს უკავშირდება.
მაღაზია აღჭურვილია კამერების სისტემით. კონსულტანტი ვალდებულია, სამუშაო ადგილზე იყოს ყურადღებით, რომ თავიდან აიცილოს ფასეულობების დაკარგვა - ქურდობა. დანაკლისების ზიანი ნაწილდება კომპანიასა და კონსულტანტებს შორის. ამ სისტემის შემოღებამ მთლიან ქსელში დანაკლისები დაახლოებით 2.5-ჯერ შეამცირა. აღნიშნული სისტემა სამართლიანი, შედეგიანია და ვერ შეიცვლება.
კარგად ვიცით თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა მომსახურებისა და სერვისის სფეროში. ჩვენ გავბედეთ ხმის ამოღება და ამ არაადამიანური პირობების წინააღმდეგ წასვლა. ვიაზრებთ, რომ პრობლემები არის საერთო. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა და გაერთიანება არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ ყველა დასაქმებულს შემოგვიერთდეთ. ბრძოლა საერთოა, გიცხადებთ სოლიდარობას. გაბედე შენც და შემოგვიერთდი!
ბიბლუსის ქსელის ძირითადი პროდუქცია წიგნებია, ეს სფერო არ გამოირჩევა მაღალი მომგებიანობით, თუმცა მენეჯმენტი მონდომებულია და ცდილობს, თანამშრომლებს შეუქმნას არათუ ბაზრის შესაბამისი, არამედ მნიშვნელოვნად უკეთესი პირობები", - წერია "ბიბლუსის" განცხადებაში.