ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შალვა ტაბატაძემ ოფიციალურად დატოვა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩრების შემდეგ მიიღო.
ის ამბობს, რომ შაჰინის სკოლა საგანმანათლებლო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მეტიც ის საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაა. დარღვევა კი, რომელიც სკოლას დაუდგინდა არსებითი არ იყო და ის ამის გამო ავტორიზაციის შეჩერებას არ იმსახურებდა.
„საბჭოში ყოფნის ჩემი მოტივი ის იყო, რომ გამართული სკოლები რაიმე მოტივით არ დახურულიყვნენ და ავტორიზაცია არ შეჩერებულიყო. რადგან დავინახე, რომ საბჭოს როცა უნდა და რასაც უნდა იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რა თქმა უნდა, ჩემს იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. შაჰინის სკოლის განხილვაზე დავინახე, რომ ეს მიზანი კონკრეტულ შემთხვევებში არის მიუღწეველი. არ ვაპირებ ჩემი იქ ყოფნით შევქმნა დემოკრატიულობის ფასადი“, - განაცხადა „ლიბერალთან“ საუბრისას შალვა ტაბატაძემ.
შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით მან საკუთარ „Facebook“ გვერდზეც გამოაქვეყნა სტატუსი.
„შაჰინის სკოლას ვერ ედავებოდნენ და ვერც შეედავებოდნენ საგანმანათლებლო სტანდარტებთან შეუსაბამობას. ედავებოდნენ ჩარიცხვის წესის დარღვევას, რაც სამართლებრივად ძალიან საკამათო იყო და საბჭოს არც გააჩნდა კომპეტენცია სამართლებრივად სწორად შეეფასებინა, იყო თუ არა დარღვევა და, მეორეს მხრივ, თუ დარღვევა იყო, სკოლაზე დიდი წილი ამ დარღვევაში იმავე საბჭოს მიუძღოდა, რომელმაც ავტორიზაცია შეუჩერა სკოლას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად არის ის დარღვევები არსებითი ავტორიზაციის შესაჩერებლად. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ...“, - წერს შალვა ტაბატაძე
დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა.სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სარჩელის სასამართლოში შეტანას რამდენიმე საათში გეგმავს.