ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას საპატრიარქოში არსებულ ჩრდილოვან მმართველობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ საპატრიარქოში პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს.
„არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა რომელიც ასეთი ქაოსური მმართველობის სახით და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისათვის...ეს ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი) მართავდა, ასევე ეკონომიკურ სამსახურს, ქონების მართვის სამსახურს, მანამ სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. რა თქმა უნდა ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომლებიც წარმოჩნდა მამა გიორგი ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ.“
მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამ პროვოკაციას წამოეგო მამა გიორგი და „თავისი გამოუცდელობით, ახალგაზრდობით ამ სცენარის თანამონაწილე გახდა”.
პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.
პროკურატურის ცნობით, მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.