
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში არსებული ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი და პატრიარქთან ძალიან დაახლოებული პირი იყო - ამის შესახებ „ლიბერალს" ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განუცხადა, რომელიც „ციანიდის საქმეში" მოწმეა და რომელსაც, სახელმწიფო დაცვა გამოუყვეს.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა დანაშაულის აღკვეთა შეძლეს.
„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს თემა არაფრის გადასაფარად არ გაკეთებულა. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, თავგახურებული ადამიანების თავში მოიხარშა და ამის აღკვეთა მოხდა. ცინიკური საუბრები საზოგადოებაში მიჩენს განცდას, რომ ხალხს არ სურს მძიმე სურათი დაინახოს, რომელსაც გადავრჩით. მათი რეაქციები მაინტერესებს, შედეგი რომ დამდგარიყო. როცა ეს ყველაფერი გასაჯაროვდება, ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება იმის, რა ვერსიებსაც ავითარებს. ამიტომ, დაველოდოთ გამოძებას." - ამბობს მამალაძე.
მისი თქმით, ფაქტების გახმაურების უფლება არ აქვს, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში გაუხმაურებლობაზე აქვს ხელი მოწერილი. მისი განმატებით, გამოძიებასთან საქმის დაწყების დღიდან თანამშრომლობს.
„ამ ქვეყანაში ყველაფერს უკავშირებენ ორ პოლიტიკურ ძალას. არადა ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარი პოლიტიკური ნიუანსებისგან დაცლილი საქმე, არის სუფთა კრიმინალური, ძალიან მძიმე საქმე. რაც პროკურატურამ ილაპარაკა, პრემიერმა ილაპარაკა და ა.შ. ჰაერზე ხომ არ ისაუბრებდნენ? არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ხომ? ამ ადამიანმა უნდა თქვას, და პირებმა, რომლებიც მის უკან დგანან, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა ...რომ არსებობდეს ასეთი ჩანაწერი ბუნებაში, და ის დევს პროკურატურაში, ე.ი. დანაშაულის შემცველია ხომ ეს ჩანაწერი? ფაქტია ხომ?" - ამბობს მამალაძე.
ის ფაქტი, რომ ირაკლი მამალაძე „ციანიდის საქმეში" მოწმეა, გუშინ „რუსთავი 2-ის" ეთერში გაჟღერდა. მამალაძე მიიჩნევს, რომ ამით მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგა.