თინათინ გიორგობიანმა 31 იანვარს „ლოტო 6/36“-ის 735-ე გათამაშებაში 1 380 345 ლარი მოიგო. მისი განცხადებით, მოგებული თანხის ნაწილს ქველმოქმედებაში დახარჯავს, ამასთანავე აპირებს თავის რამდენიმე სტუდენტს სწავლა დაუფინანსოს.
„რამდენიმე სტუდენტი მაგისტრატურაში სწავლობს და მთელი დღის განმავლობაში მუშაობს, საღამოს კი ლექციებზე დადის. გადაწყვეტილი მაქვს, რამდენიმე სტუდენტს დავუფინანსო სწავლა ამ ორი წლის განმავლობაში“.- განაცხადა თინათინ გიორგობიანმა „რუსთავი 2-თან“.
თინათინ გიორგობიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე.