საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოს ხვდება. ისინი ბორდის მიერ გუშინ წარდგენილ თვალსაზრისსა და მენეჯმენტის ახალ გეგმას განიხილავენ.
სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე ამბობს, რომ მენეჯმენტმა თავდაპირველადაც მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდობილი გეგმა წარმოადგინა და მეორე ჯერზეც ასეთივე გეგმაა.
„ითქვა, რომ მხოლოდ ორი ხელმისაწვდომი მონაცემი არსებობს: რეიტინგი და დანახარჯი ფასეულობასთან მიმართებით. ეს უკანასკნელიც კი არ არის აქ გამოყენებული. როცა გუშინ გიორგიმ იკითხა, ეს მომავლისთვის უნდა გავითვალისწინოთ თუ არა, მარინამ უპასუხა, რომ ეს არის საჭირო გუშინ. იმიტომ რომ გუშინ ჩვენ გაგვიკეთებია ასეთი ექსპერტული კვლევები,
ასე მექანიკურად,“ - ასე უპასუხა ქეთი მსხილაძემ მენეჯმენტის ახალ გეგმას.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით კი, მენეჯმენტი ფიქრობს, როგორ გამოიყვანოს მაუწყებელი ღრმა კრიზისიდან, როგორ გადაიჭრას შენობის საკითხი და როგორ მოხდეს მოდერნიზაცია და გადაიარაღება.
„ესაა ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები. ვცდილობთ, რაღაცნაირად საერთო ენა ვიპოვოთ. ასეთივე სურვილს და ტონს ველოდებით საბჭოსგან. ამ გეგმით შემოვდივართ. თუ ეს საბჭოსთვის მიუღებელი აღმოჩნდება, შეუძლია, სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში ვუპასუხოთ კითხვებს. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თუნდაც მენეჯმენტთან დაკავშირებით. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გზას ვეძებთ, დღეს კონსენსუსის გზა წარმოვადგინეთ, -ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.