„ციანიდის საქმეში“ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და მასთან მხოლოდ ადვოკატების შეშვება მოხერხდა.
„პაციენტი შემოყვანილია გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12.00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას“, - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მოგიანებით ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე, პატრიარქის თქმით, "გიორგი მამალაძისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს."