საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა იყო. მხარეებმა განიხილეს, რა სტადიაზე იმყოფება გამოძიება და ქართულ მხარესთან თანამშრომლობა.
„გიორგი კვირიკაშვილმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოპოვების პროცესში საქართველოს ხელისუფლების სრული და აქტიური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულები, ამ შემთხვევაში, ქართველების ეთნიკური წმენდა, ისევე, როგორც ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა, დაუსჯელი არ დარჩეს“,- ნათქვამია განცახდებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ფატუ ბენსუდამ ქართულ მხარეს მაქსიმალური ღიაობისა და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, იმისა, რომ სასამართლოს რუსეთისგან თანამშრომლობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია, გამოძიება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.