ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, მუქარისა და შანტაჟის გამო, „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი მოწმის, ასევე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ „ლიბერალს“ ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი მამალაძე მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრა. „მითხრა, რომ ყველას გააგებინებდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, თუ ტონს არ შევიცვლიდი მასთან დაკავშირებით. მივმართავ პროკურატურას სწორედ ამ მიმოწერით”, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჟორჟოლიანის თქმით, მამალაძის გაღიზიანება მის მიერ მამალაძეზე 14 თებერვალს გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია.
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ უკმაყოფილების მიზეზი მამალაძეს არ დაუმალავს და მიმოწერისას ჟორჟოლიანს უთხრა, რომ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსმა გააღიზიანა.
„მესმის, რომ მამალაძე პროკურატურის ოქროს მოწმეა, მაგრამ მოუწევთ საქმის აღძვრა." - განუცხადა „ლიბერალს“ ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„ლიბერალი” დაუკავშირდა „ციანიდის საქმის“ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, რომელმაც თქვა, რომ არ დამუქრებია ნანუკა ჟორჟოლიანს, თუმცა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მიმოწერა არ უარყო.
„ნანუკა ჟორჟოლიანი იტყუება, სამი დღეა, მლანძღავს. მეუბნება, რომ კამერა დავიმაგრე და ჩავწერე მამაო. ვითომ ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახი მთელი ცხოვრება კამერით არ დარბოდა და ჩემი გაუკვირდა, ბადრი პატარკაციშვილი მე ხომ არ ჩამიწერია. მლანძღავს სამი დღეა. მე მას ბიჭის ფოტო გავუგზავნე და ვკითხე ნანუკა ამ ბიჭს იცნობ ? ვუთხარი, რომ ამ ბიჭის ახლობლები ორი თვის წინ ჩემთან იყვნენ მოსულები და მკითხეს აზრი (მე არ ვიცი, რა კავშირი აქვთ მაგათ, საერთოდ არ მაინტერესებს ), ეს ოჯახი ცდილობდა, რომ ეს ბიჭი დაეცვათ ნანუკასგან. მე ვუთხარი ნანუკას, რომ მე ეს ხალხი უკან გავაბრუნე-მეთქი და შენ რატომ აკეთებ ამას, როგორ მიხდი სიკეთეს და რატომ მლანძღავ-მეთქი? აი, ეს იყო, რაც ვუთხარი. ამას მოჰყვა ის, რომ თითქოს მე ეს ფოტო მომცა სუსმა, არანირი სუსი. თვითონ მეუბნებოდა, რომ ვაშანტაჟებ. კი არ ვაშანტაჟებდი, ვეუბნებოდი, მე რომ სიკეთე გაგიკეთე შენ, დაგინდე, როგორ მიხდი ამისთვის-მეთქი?” - განუცხადა „ლიბერალს” ირაკლი მამალაძემ.
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი მოწმეა. მან არაერთი განცხადება გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადების მიხედვით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, სადაც მკვლელობის მომზადების პროცესია ასახული. როგორც მან ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში აღნიშნა, მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მამალაძე საუბარს ერიდება.
ის პროკურატურისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას მოითხოვს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ პროკურატურამ მძიმე დანაშაული აღკვეთა.
ასევე საგულისხმოა, რომ ირაკლი მამალაძემ ამ მკვლელობის მომზადების შესახებ ამავე საქმის სხვა ორ მოწმეს, ადვოკატებს - ირმა ჭკადუასა და ლილი გელაშვილს აცნობა. ლილი გელაშვილის თქმით, 2017 წლის 24 იანვარს ირაკლი მამალაძემ მათ მიაწოდა „შოკისმომგვრელი” ინფორმაცია და მათ ურჩიეს, რომ მიემართა პროკურატურისთვის.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს დაგეგმილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მოგვიანებით ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე, პატრიარქის თქმით, „გიორგი მამალაძისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს."