
საპატრიარქოში შეხვედრა დაიწყო, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე იმსჯელებენ. შეხვედრას სასულიერო პირები დაესწრებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, შეხვედრაზე განიხილავენ თუ არა სინოდის კრების მოწვევის საკითხს, თუმცა ცნობილია, რომ მთავარი საკითხი ე.წ. ციანიდის საქმე იქნება.
სავარაუდოდ, შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც დაესწრება.საპატრიარქოში მივიდა მეუფე პეტრეც.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.მოგიანებით ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე, პატრიარქის თქმით, "გიორგი მამალაძისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს."