„თბილისის სოლიდარობის ქსელი“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც „პალიტრა ჰოლდინგის“ მფლობელობაში მყოფი „ელვა მარკეტის“ ყოფილი თანამშრომელი თავის შრომის გამოცდილებაზე საუბრობს. ქეთი საჯაია, რომელსაც კომპანია 1137 ლარს ედავება, ვაკის ერთ-ერთ ჯიხურში ერთი თვე მუშაობდა. ქეთის კომპანია ნავაჭრი ფულის მითვისებაში ედავება, საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს.
„სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ მასალაში ქეთი საჯაიას შემთხვევის გარდა, ზოგადად „ელვა მარკეტის“ ჯიხურებში მომუშავე თანამშრომლების შრომით პირობებზეცაა საუბარი:
„დასაქმებულ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ კომპანიის სხვა ჯიხურებშიც გავსაუბრებოდით თანამშრომლებს. დასაქმებულებთან საუბრისას გაირკვა, რომ თითქმის ყველა ჯიხურში უწევთ კვირაში 78 საათი მუშაობა, არ აქვთ ელემენტარული პირობები, როგორიცაა: გათბობა, წყალი, საპირფარეშო. არ აქვთ ოფიციალური შესვენება და კვების საშუალება. ზამთარში, ყინვაში, კომპანია აიძულებს, ჯიხურის ოთხივე კარი ჰქონდეთ ღია. არ შეუძლიათ ბიულეტენით და შვებულებით სარგებლობა. მათი ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. თუმცა ყველაზე სტრესული და აუტანელი ამ კომპანიაში მომუშავეებისთვის მაინც დანაკლისებია. ბევრი დასაქმებული ყურადღებას ამახვილებდა იმ სისტემის გაუმართაობაზე, რომლითაც მათ უწევდათ მუშაობა. ამის გამო ხშირად მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეწერებოდათ დანაკლისი და არ ჰქონდათ საშუალება, გაერკვიათ, თუ რატომ და რა მტკიცებულებით ეწერებოდათ დანაკლისი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათი უმეტესობისთვის, ეს სამსახური გადარჩენის უკანასკნელი საშუალებაა, და ამიტომ, ერჩივნათ შეგუებოდნენ ამ ყველაფერს. ბევრმა მათგანმა გვთხოვა მათი ამბის საზოგადოებისთვის მოყოლა, თუმცა მალევე, ადმინისტრაციამ გაიგო ჩვენს შესახებ და დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება თანამშრომლებში. მათ ეუბნებოდნენ, რომ მათგან დაუკითხავად, მათ მოთხრობილს ინტერნეტში ვწერდით და აუკრძალეს ჩვენთან საუბარი. შედეგად, ჩვენი კომუნიკაცია შეწყდა", - წერია „სოლიდარობის ქსელის“ განცხადებაში.
„ელვა მარკეტის“ დირექტორი ეკატერინე ქებურია „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ქეთი საჯაია ჯიხურში მუშაობის განმავლობაში ნავაჭრ პროდუქტს ელექტრონულად არ აღრიცხავდა და ფულს თავისთვის ინახავდა. ორ კვირაში კი 1137 ლარით აზარალა კომპანია. დირექტორი ამბობს, რომ ამის დამამტკიცებელი ყველანაირი საბუთი აქვს, რომელიც ადვოკატმა ფინანსურ პოლიციას უკვე გადასცა:
„იმის გამო, რომ ქეთი რუსთავიდან დადიოდა ვაკეში, მისი რუსთავის ჯიხურში გადაყვანას ვაპირებდი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის ნავაჭრ თანხას არ აფიქსირებდა და ამ ფულს იპარავდა. ამიტომ, დავიბარე ოფისში და გავათავისუფლე. ამის დამამტკიცებელ მასალებს მე ვერავის მივცემ, ადვოკატს აქვს და საქმეს პოლიციას იძიებს", - ამბობს ეკატერინე ქებურია.
ეკატერინე ქებურია ზოგადად შრომის პირობებზე ამბობს, რომ „ესაა 6 კვადრატული ზომის ჯიხურები, სადაც, რა თქმა უნდა, საპირფარეშოები ვერ იქნება. თანამშრომლებს საშუალება აქვთ, იქვე ახლო-მახლოს მდებარე ტუალეტებით ისარგებლონ. ზამთარში დენის გამათბობელი აქვთ, ზაფხულში - კონდიციონერი, რის გამოც საკმაოდ ბევრ ფულს ვხარჯავთ ელექტროენერგიის გადასახადზე. ქეთიმ 1 თვე ვერ გაძლო და ჩვენთან თანამშრომლები 2012 წლიდან მუშაობენ, ამიტომ ასეთი ცუდი პირობები რომ იყოს, სხვაც ვერ იმუშავებდა", - ამბობს დირექტორი.
რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს, ეკატერინე ქებურიას თქმით, ოფიციალურად კვირაში 5 დღეს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ:
„თუმცა არ მქონია შემთხვევა, თანამშრომელს პირადი მიზეზით გათავისუფლება ეთხოვა და არ გამეთავისუფლებინა. ასევე, ვუხდით ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ეს მათზეა დამოკიდებული".