Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: მხოლოდ რეიტინგის გამო გადაცემების დახურვის გეგმა კითხვის ნიშნებს აჩენს

23 თებერვალი, 2017 11:52

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებს, არ წარმოადგენს საკითხის სრულფასოვან შესწავლაზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას და კითხვის ნიშნებს აჩენს რეფორმის მთელი პროცესის მიმართ.

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები თავად რეიტინგების დათვლის საკითხზე, მათ სანდოობაზე, ასევე, თუ რამდენად უწყობდა ხელს გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათ ყურებადობას. ამავდროულად, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ კითხვების არსებობის მიუხედავად, მიუღებელია რეიტინგი იყოს ერთადერთი კრიტერიუმი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვის გადაწყვეტილების მისაღებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფუძნებულია კანონით, „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პასუხისმგებელია კანონით დაკისრებული მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებაზე. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები; უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია და სხვა. იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, დაუშვებელია, მისი საქმიანობა შეფასდეს მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობით და მხოლოდ ეს გარემოება დაედოს საფუძვლად გადაცემების დახურვას.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გადაცემების შეჩერება/დახურვის გეგმა, სავარაუდოდ, გამოიწვევს თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობების გადახედვას. ამ საკითხის გარშემო დღეს ბევრი არაფერია ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭომ განხილვების განმავლობაში აღნიშნულ საკითხს მიაპყროს სათანადო ყურადღება და კრიტიკულად განიხილოს თითოეული დეტალი. ამასთან, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომელთა ნაწილს „სამწლიანი სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციის შემდეგ ერთთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმდა, " - ამბობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის საკითხი განიხილონ საზოგადოების, მათ შორის თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით, გამჭვირვალედ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება  როგორც კანონთან, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეასა და მიზნებთან. 

"სახალხო დამცველი დააკვირდება აღნიშნულ პროცესს, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების რეალიზაციას, "- ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^