შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით იწარმოებს.
„აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 23 თებერვლიდან 31 მარტის 18:00 საათამდე შეეძლებათ. აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა არანაკლებ 3 გამოცდისა, და აგრეთვე მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა - არანაკლებ 1 გამოცდისა).
31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, 20 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (20 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ“,-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით.