
პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის არ საუბრობს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
როგორც პროკურორმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ და სხვა სახის დეტალებზე ამ ეტაპისთვის ვერ ისაუბრებს და მედიას შეუძლია დაეყრდნოს პროკურატურის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს.
”როდესაც ასეთი საფრთხე აღარ იქნება, ეს მტკიცებულებები გახდება საჯარო საზოგადოებისთვის. თუ როდის მოხდება ეს, ამის წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი აღარ იქნება აღნიშნული საფრთხე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მტკიცებულებები გასაჯაროვდება”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.