12 გამომცემლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სამინისტროს მიერ შეთავაზებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის მიხედვით, გამომცემლები და ავტორები სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციასა და შრომის სამართლიან ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.
„ჩვენ ვხედავთ რეალურ საშიშროებას, რომ გრიფირების შემოთავაზებული წესი ხელს შეუწყობს კორუფციული გარემოსა და ხელოვნური მონოპოლიების შექმნას საგამომცემლო და პოლიგრაფიულ სფეროებში“,- ნათქვამია განცხადებაში.
გამომცემლები ასევე მოითხოვენ ქართველი და უცხოელი გამომცემლების კონკურსში მონაწილეობა წარიმართოს გამჭვირვალე და თანაბარი პირობებით, რათა ქართველი გამომცემლები დისკრიმინაციულ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ, „როგორც ეს ხდებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში.“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი მიმდინარე წლის 16 თებერვალს დამტკიცდა. გრიფირება I-VI კლასების სახელმძღვანელოებისთვის უნდა გამოცხადდეს.
როგორც დაგეგმილი იყო, 2017-2018 სასწავლო წელს I-VI კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭვდა ვერ მოესწრება, ამიტომ ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან შევა. როგორც მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, ახალი სახელმძღვანელოები 2017- 2018 სასწავლო წლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გასაცნობად, მაგრამ სკოლებისთვის არ დაიბეჭდება.