
„მე ირაკლი მამალაძეს არ ვიცნობ, ერთადერთხელ ვარ შეხვედრილი, მამა გიორგიმ დამირეკა და შევხვდით. ვისადილოთო და რესტორანში გადავედი. იქ ვნახე ეს პიროვნება პირველად“, - ამის შესახებ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ ამ შეხვედრის დროს ირაკლი მამალაძემ საუბარი ჩაიწერა. „არის ამაზე საუბარი, რომ მეც ვარ ამ ჩანაწერებში“, - ამბობს ოხანაშვილი.
კითხვაზე თუ რა საკითხებზე საუბრობდნენ აღნიშნული შეხვედრის დროს, ოხანაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულად ვერ იხსენებს ამ დღეს.
„შესაძლოა ეს იყო გერმანიაში წასვლამდე ერთი თვით ადრე, იანვარში ან შეიძლება დეკემბერშიც. რაზეც შეიძლება მე მას ვყავდე ჩაწერილი, შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს მე ვაყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას... ვერ გავისხენე [კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს] მე არ მინახავს ჩანაწერი, რომ აღმედგინა... ისიც კი ვერ გავიხსენე ვინმე ხომ არ იყო კიდევ შეხვედრაზე, იმდენად ჩვეულებრივი შეხვედრა იყო მამაოსთან. მაშინ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. უბრალოდ ვიკითხე ეს ვინ არის მეთქი და მამა გიორგიმ მითხრა, რომ ჩემი ნათესავიაო“, - ამბობს ოხანაშვილი.
ოხანაშვილის თქმით, შეხვედრისას ირაკლი მამალაძე აქტიურობდა და ინიციატივას იჩენდა, რომ ესაუბრათ რაღაც საკითხებზე.
„ეს მახსოვს კი, რომ ძალიან აქტიურობდა, რომ გვესაუბრა რაღაც საკითხებზე, რომ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა“, - ამბობს ოხანაშვილი.
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი მოწმეა. მან არაერთი განცხადება გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადების მიხედვით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, სადაც მკვლელობის მომზადების პროცესია ასახული. როგორც მან ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში აღნიშნა, მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას.