
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კენჭი 17 კანონპოექტს უყარეს. მთავარ პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
მიღებული საკანონმებლო პაკეტით, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში იქმნება სსიპ, რომელსაც ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის კანდიდატს სპეციალური კომისია შეარჩევს და მას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება.
სააგენტოს დებულებას, სააგენტოს უფროსის წარდგინებით, დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, როგორც ამას პროექტის პირველი ვერსია ითვალისწინებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შექმნილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ამოცანებია: უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც უკავშირდება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს; ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლი და ზედამხედველობა განახორციელებს: პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.