
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის განახლების მიზნით პროკორორები მივიდნენ. თუმცა, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მალევე დატოვა ციხე და განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, მაგრამ დეკანოზმა კითხვების პასუხად მათ "წყევლა შეუთვალა".
„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“ , - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
გუშინ ბრალდებული დეკანოზმა, ადვოკატების თქმით, დაკითხვის გაგრძელებაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა. მთელი დღის განმავლობაში საწინააღმდეგოს აცხადებდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნავდნენ რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საგულისხმოა, რომ დაკითხვის პირველ დღეს ადვოკატების თქმით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ გარკვეულ შეკითხვებზე პასუხს ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ გასცემს. გუშინ აღნიშნული მოთხოვნით ბრალდებულის ადვოკატებმა პროკურატურას მიმართეს.