Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაინაცვლებს თუ არა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა თბილისის ცენტრიდან გარეუბანში

01 მარტი, 2017 19:14

ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და მთავრობას შორის თბილისის სარკინიგზო ხაზის ცენტრიდან გადატანის თაობაზე შეთანხმება, სავარაუდოდ, შედგა.

მისი თქმით, იმ პროექტის მიხედვით, რომელზეც რკინიგზა და მთავრობა, სავარაუდოდ, შეთანხმდნენ, შემოვლითი რკინიგზის ხაზის ნაცვლად ტრანზიტული მოძრაობისთვის 11 კმ -ის სიგრძის გვირაბი უნდა აშენდეს, ხოლო ქალაქის მომსახურებისთვის კი - ორი ჩიხური სადგური ნავთლუღსა და დიდუბეში.

 „ხელისუფლებასა და საქართველოს რკინიგზას შორის თბილისში სარკინიგზო ხაზის ამოკვეთის თაობაზე, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა. ამ შეთანხმებით, შემოვლითი ხაზის ნაცვლად უნდა აშენდეს 11 კმ-ის სიგრძის სარკინიგზო გვირაბი ტრანზიტული მოძრაობისთვის, ხოლო ქალაქის მომსახურებისთვის - ორი ჩიხური სადგური ნავთლუღსა და დიდუბეში, - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ლიბერალი“ საქართველოს რკინიგზას, თბილისის მერიასა და კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობენ. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის თქმით, მთავრობა, მერია და რკინიგზა ქალაქში რკინიგზის მოწყობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ერთ-ერთი ვარიანტი 11 კმ სიგრძის სარკინიგზო გვირაბის და ორი ჩიხური სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. თუმცა შეკითხვაზე, შედგა თუ არა ამ პროექტის მიღების შესახებ შეთანხმება, ამბობს, რომ ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს განხილვები და გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, ორ კვირაში გახდება ცნობილი.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ურბანისტ მერაბ ბოლქვაძის თქმით, ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გამართულა.

„ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთ ვარიანტის შესახებ სამთავრობო  დონეზე მოითხოვეს მოსაზრებები. იმათ [საქართველოს რკინიგზა], როგორც მე  ვიცი, ორი კვირის მანძილზე იმ პროექტის ანალიტიკური ნაწილის შეფასებები უნდა გადასცე, - განაცხდა მერაბ ბოლქვაძემ, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაოებს ხელმძღვანელობს. 

ქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის ამოკვეთის საფრთხეებსა და მისი მნიშვნელობის შესახებ „ლიბერალს“ ზურაბ ბაქრაძე ესაუბრა. მისი თქმით, წლებია დღის წესრიგში დგას ქალაქიდან რკინიგზის გადატანის თემა, რაც გარკვეულ ინტერესებს ემსახურება.

„ქალაქში რკინიგზის ამოჭრა გარკვეული ადამიანებისთვის არის იდეაფიქსი. ეს მათი მოგების წყაროა.  გამოთავისუფლდება ტერიტორია და გაკეთდება ფული.  უკვე რამდენი წელია აგორებულია ეს თემა. უზარმაზარი სამეურნეო ტერიტორიაა დიდუბეში, სადაც ააშენებენ უზარმაზარ კორპუსებს, როგორიც არის სპორტის სასახლის უკან“.

მისი თქმით, შემოვლითი სარკინიგზო ხაზის პროექტს ჰქონდა მთელი რიგი ნაკლოვანებები, თუმცა ამ ხაზის პროექტის კორექტირება შესაძლებელი იყო.

 ზურაბ ბაქრაძის თქმით, სატრანზიტო მოძრაობისთვის სარკინიგზო ხაზის გადატანა მართლაც გამოათავისუფლებს ტერიტორიებს, რის შედეგადაც ქალაქს მისი ათვისების საშუალებაც მიეცემა. მისი თქმით, პრობლემას არ ქმნის ის, რომ დარჩეს ერთი ხაზი ქალაქის მომსახურებისთვის, მაგრამ ვარაუდობს, რომ ამ სარკინიგზო ხაზის ადგილას უნდათ ავტობანის გაკეთება, რაც შეაერთებს ნაძალადევში დადიანის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილს.

„ამ ტერიტორიებზე ქალაქმა რაც უნდა ის გააკეთოს, გინდ სახლები ააშენოს, გინდა პარკი გააკეთოს, მაგრამ იქ შეიძლება რკინიგზამაც გაიაროს. ე.ი. რკინიგზის ერთი ზოლის გავლით  ტერიტორიის სხვანაირად ათვისებას ხელი არ შეეშლება.

 რკინიგზის ამოჭრა უნდათ იმისთვის, რომ იქ გაატარონ დამატებითი ავტომაგისტრალი, ავტობანი, ამითი დააკავშირონ ერთმანეთთან ნაძალადევში ც. დადიანის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი. პირდაპირი მოგება შესაძლოა არა, მაგრამ სამშენებლო საქმიანობაში იქნება მოგება იმათთვის, ვინც ამას გააკეთებს. ტენდერს გამოაცხადებენ, ვიღაც ჩაწყობით მოიგებს, ისევე როგორც მოხდა წინა ხელისუფლების დროს ბევრ ადგილთან მიმართებაში:  გმირთა მოედანი, ეს ესტაკატები.  მოგება იქნება ხაზინიდან დახარჯული ფული თუ ხელისუფლებისთვის სასურველი პირების ჯიბეებში წავა. ამაზე დიდი ხანია მუშაობს საქართველოში ხელისუფლება და არამარტო საქართველოში ხდება ასე“, - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.  

ის აღნიშნავს საერთაშორისო, დიდი ქალაქების გამოცდილების შესახებ, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა სამ საფეხურად იყოფა:

  1.  სწრაფი, ელექტრული ტრანსპორტი, რომელიც საგარეუბნოა და დიდი მანძილით დაშორებულ ლოკაციებს ერთმანეთს აკავშრებს;
  2. მეტრო;
  3. ტრამვაი და ავტობუსი.

ბაქრაძის თქმით, ვერცერთი დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისიც, ამ სამი საფეხურის გარეშე ვერ იცხოვრებს.

„რკინიგზის ამოჭრას ქალაქისთვის არაფერი მოაქვს. არადა, მიაქვს ძალიან ბევრი რაღაც: ქალაქში მნიშვნელოვნად გაუარესდება სატრანსპორტო მომსახურება;  მცხეთა, თბილისი, რუსთავი გარდაბნის აგლომერაციის, ერთობის სატრანსპორტო მომსახურების მომავალი წაიშლება, როგორც კი ამას ამოჭრი. დასახლებებს სჭირდება გრძივი, სწრაფი მომსახურება“.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნული პროექტი სატრანსპორტო მომსახურებისთვის იქნება „სიკვდილი“, ასევე ცუდი იქნება ქალაქის ეკონომიკური სიმძლავრის განვითრებისთვის და ეკოლოგიურადაც მძიმე შედეგებს მოიტანს  - „რკინიგზა ეკოლოგიურად არის ყველაზე უფრო კარგი, უვნებელი ტრანსპორტი და როცა რკინიგზა აღარ იქნება, ის ჩანაცვლდება ავტოტრანსპორტით. ჩანაცვლდება, რადგან მცხეთას, თბილისს, გარდაბანს, რუსთავსა და მარნეულს დასჭირდება კავშირები.

მისი თქმით, გარდა ამ უარყოფითი მხარეებისა, მნიშვნელოვანია მომსახურების საკითხიც, რადგან ცენტრში რკინიგზის არსებობა ამ ტრანსპორტის მოხერხებულობას განაპირობებს.

„დაახლოებით ისეთივე მდგომარეობა შეიქმნება, როგორიც არის აეროპორტებში. ხშირად აეროპორტამდე მისვლას იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც  ფრენას. რკინიგზას ის უპირატესობა აქვს, რომ ის ქალაქის ცენტრშია, ემსახურება მთელ ქალაქს. თან რკინიგზას აქვს გაჩერებები: დიდუბეში, ცენტრალურ სადგურში, ნავთლუღში, მოკლედ ის მგზავრებს წამოკრებს. როგორც კი ამას ამოვჭრით, ის სადღაც უნდა გაჩერდეს, მაგ, ლილოში, იქიდან ჩამოსული ადამიანი კიდევ უნდა მივიდეს სადღაც სხვა ტრანსპორტით, და ეს სხვა ტრანსპორტი, როგორც ჩანს, იქნება ავტობუსი“, - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^