დავით დვალი „რუსთავი 2-ის" დირექტორობის ერთ-ერთი პირველი კანდიდატია - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მათი ბოლო შეხვედრის დროს დვალმა მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარიც კი განაცხადა.
„თუმცა, ვფიქრობ, რომ მან გადაიფიქრა და სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის, თუ მენეჯმენტში მონაწილეობას მიიღებს. ჩემთვის სურპრიზი იყო გუშინწინდელი განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით. ისე დავშორდით ერთმანეთს, ვთხოვდი, რომ თუ დავაბრუნებდი თვითონ მონაწილეობა მიეღო, მაგრამ თვითონ უარი განაცხადა" - თქვა ხალვაშმა.
მისი თქმით, დირექტორად შეირჩევა „საუკეთესო ადამიანი, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის".
შეკითხვაზე, თუ რამდენი პროცენტი ერგებათ დვალსა და აქიმიძეს, ხალვაში პასუხობს, რომ ზუსტად იმდენს გაუყოფს, რამდენსაც იმსახურებენ და რამდენზეც მათ მოილაპარაკეს.
„შეიძლება სულ დავუთმო...სულ არ დათმობაზე არ არის საუბარი" - თქვა ხალვაშმა.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე, შემდეგი შემადგენლობით იმსჯელა: ნინო გვენეტაძე - თავმჯდომარე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი - მომხსენებელი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ის მხარე ხვალ სტრასბურგში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერებაზე სარჩელს შეიტანს.