საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულის სახით დააკავა.
„გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას.
ბრალდებულის დაკავებისას თანხის ნაწილი ამოიღეს. სასამართლომ უკვე იმსჯელა აღმკვეთ ღონისძიებაზე და ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.