სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
სუს-ის თანახმად, ოზურგეთის მიერიამ შპს ,,პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან“ დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულებები გააფორმა.
„აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ქ.ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს ,,პირამიდა – ფ.რ. ფილიალის“ ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება სს კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.