
31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა მიმართა. არგანაშვილი აღნიშნავდა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სოციალური დახმარების მიმღებად, მათ შორის, განსაზღვრულნი იყვნენ მარტოხელა დედები. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პროგრამიდან მარტოხელა მამების გამორიცხვა წარმოადგენდა დისკრიმინაციას სქესის ნიშნით.
საქმის შესწავლის პროცესში საქართველოს სახალხო დამცველმა ზესტაფონის საკრებულოს წერილობით მიმართა. 2 მარტს ომბუდსმენის აპარატს აცნობეს, რომ 2017 წლის 24 თებერვალს განკარგულებაში შევიდა ცვლილება და სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრეს მარტოხელა მამებიც დაემატა. შესაბამისად, „მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები მიიღებენ სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით“.
"სახალხო დამცველი მიესალმება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სწრაფ რეაგირებას და ქმედითი ღონისძიებების გატარებას სავარაუდო დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავს პრაქტიკას სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიც მიმართავენ", - წერია განცხადებაში.