დღეს სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროდან ანი სუბელიანისა და თამაზ ახობაძის გათავისუფლების საქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. ანი სუბელიანის თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა თითქმის სრულად დააკმაყოფილა, ორივე აღადგინა ტოლფას თანამდებობებზე.
„ჩვენი სარჩელი თითქმის სრულად დაკმაყოფილდა. აღგვადგინეს ტოლფას თანამდებობებზე და დაკმაყოფილდა სრულად იძულებით განაცდური, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა, 3 წლის ხელფასი. ერთადერთი არ დაკმაყოფილდა დაყოვნების საკომისიოზე მოთხოვნა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს გადაწყვეტილება აღასრულოს იუსტიციის სამინისტრომ და შემდეგ ჩვენი გადასაწყვეტია, წამოვალთ თუ დავრჩებით“ - განუცხადა „ლიბერალს“ ანი სუბელიანმა.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის აპრილში გამოიტანა და ბათილად ცნო თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები.
ანი სუბელიანი და თამაზ ახობაძე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ პროექტების მენეჯერებად მუშაობდნენ. 2014 წლის 10 იანვარს ცენტრის დირექტორის ბრძანებით, რეორგანიზაციის მოტივით, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.