
„მეუფე პეტრეს დასჯა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არანაირი ქრისტიანული რესურსი არ არსებობს ეკლესიაში იმისათვის, რომ სამღვდელმთავრო სივრცე რაღაცნაირად გაიწმინდოს და ოდნავ მაინც გაჩნდეს ქრისტიანული იმპულსები ამ სივრცეში. ეს არის ყველაზე საზარელი, რაც ამ ფონზე ჩანს“ - ასე აფასებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან დაითხოვეს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე, მორალურად ქრისტესა და მრევლის წინაშე სინოდი სრულიად დისკრედიტირებულია.
როგორც იგი „ლიბერალთან“ განმარტავს, სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება მეუფე პეტრეს გავლენის შეკვეცას ემსახურება.
„არანაირად არ ვემხრობი მეუფე პეტრეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა ყველაზე თამამად და გაბედულად ისაუბრა არსებული პრობლემების შესახებ ეკლესიაში. იმის ნაცვლად, რომ თანმიმდევრულად დაწყებულიყო ამ პრობლემების შესახებ მსჯელობა და შესწავლა ამ პრობლემებისა, ნაცვლად იმისა, რომ ზოგადად დასმულიყო საკითხი იმის თაობაზე, რომ უმწვავესი, უსერიოზულესი იდენტობის კრიზისშია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რადგან ის აღარ ემთხვევა იმ რწმენის შინაარსს, რომელსაც ის ვითომ აღიარებს, ქრისტიანობას, ამ რაღაც დანაშაულებრივმა დიდმა დადჯუფებამ, რომელიც დღეს მღვდელმთავრების სახით არსებობს, გადწყვიტა, რომ დასაჯოს ის ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ცდილობს, არ ვიცი რა მიზეზებით, მაგრამ რაღაც პრობლემების შესახებ ისაუბროს, ამ პრობლემების გადაწყვეტის შესახებ დასვას საკითხები, თუნდაც ძალიან მიამიტურად, რადგან მიამიტური არის ამ სიტუაციაში, დღევანდელ რეალობაში რუის-ურბნისის კრებაზე ლაპარაკი“ - ამბობს მინდიაშვილი.
შეკითხვაზე, არის თუ არა მიამიტური მეუფე პეტრეს განცხადებები იმის გამო, რომ საპატრიარქოში არ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამის მზადყოფნა აქვთ, მინდიაშვილი პასუხობს, რომ საპატრიარქოში შესაბამისი ადამიანური რესურსი ნამდვილად არ არსებობს და ამასთან, რუის-ურბნისის კრება ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ინტერვენციას გულისხმობს.
„კრება იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ცეცხლითა და მახვილით უნდა ჩაერიოს, უნდა გაწმინდოს ეპისკოპოსები, მღვდლები მიაყოლოს ზედ და ა.შ., რაც მოხდა დავით აღმაშენებლის დროს; რაც ასევე დაუშვებელია და რის ნიშნებსაც ჩვენ ვხედავთ - ანუ ჩარევის, აშკარა და სერიოზული ინტერვენციის ნიშნებს სახელმწიფოს მხრიდან მთელ ამ პროცესში, რაც ბოლო ორი თვეა მიმდინარეობს ეკლესიაში. ეს ისევ და ისევ უკავშირდება სტრატეგიულად ტახტისთვის ბრძოლას ეკლესიაში, პრაქტიკულად უშუალოდ პატრიარქის ახლო სივრცეში დგომასთან არის დაკავშირებული“ - ამბობს მინდიაშვილი.
შეკითხვაზე, რამდენად უხეშია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა, მინდიაშვილი პასუხობს, რომ როგორც ჩანს, ეკლესიაში ერთი ნაწილი ხელისუფლებისა და პროკურატურის პოზიციებს ახმოვანებს, მეორე მხარეს კი - მეუფე პეტრე დგას.
„ერთადერთი მეუფე პეტრე უპირისპირდებოდა და ამბოდა, რომ ხელისუფლება ერევა და მოქმედებს ძალიან ცუდად ამ ვითარებაში. შესაბამისად, შეგვიძლია, დასკვნები გამოვიტანოთ ამ ნათქვამიდან“ - ამბობს მინდიაშვილი.