ისლანდია გახდება პირველი ქვეყანა, სადაც დამსაქმებლები ვალდებულები იქნებიან, დასაქმებულებს თანაბარი შრომის შემთხვევაში გადაუხადონ თანაბარი ხელფასი, მიუხედავად სქესისა, ეთნიკურობისა, ეროვნებისა, იდენტობისა და ა.შ.
ყველა დამსაქმებელს, რომელსაც 25-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მოეთხოვება თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების სერტიფიკატი. ისლანდიის მთავრობის განცხადებით, კანონპროექტს ამ თვეში შესთავაზებს პარლამენტს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში არის თანაბარი ხელფასის შესახებ გაცხადებული პოლიტიკა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ისლანდია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კანონით დაავალდებულებს საჯარო უწყებებსა თუ კერძო კომპანიებს დასაქმებულთა თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებას.
ტორსთეინ ვიგლანდსონმა, რომელიც ისლანდიაში სოციალური დაცვისა და თანასწორობის მინისტრია, განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ ქალებსა და კაცებს სამუშაო ადგილებზე აქვთ თანაბარი შესაძლებლობები.
ისლანდია ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა გენდერული თანასწორობის კუთხით, თუმცა ქალის ხელფასი საშუალოდ 14-18%-ით ნაკლებია კაცის ხელფასთან შედარებით.
ოქტომბერში ათასობით ქალმა დატოვა სამსახური 14:38 წთ-ზე, რადგან მიიჩნიეს, რომ მათი ანაზღაურების შესაბამისი დრო ამოიწურა. მათ დემონსტრაცია გამართეს ქვეყნის პარლამენტის შენობასთან.