ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგები ოჯახების გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ემყარება. სულ 1004 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯენელი (63.2%) და სომეხია (32%).
კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხული ოჯახების ეკონომიკური ფონი არასახარბიელოა: ოჯახის სრულწლოვანი წევრების უმეტესი ნაწილი დიასახლისი ან უმუშევარია (46.6%), ხოლო დასაქმებულთა ხვედრითი წილი მხოლოდ 24.6%-ია. დაბალია ოჯახების საშუალო შემოსავალი (თვეში 450 ლარი). რესპონდენტების 33.5% ამბობს, რომ ოჯახს შემოსავალი ყოფნის მხოლოდ კვებასა და ტანსაცმელზე, ხოლო ოჯახების 22.6% შემოსავალს მხოლოდ საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახმარს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია გამოკითხული შინამეურნეობების 13.3%; მათგან ფულად დახმარებას იღებს 28%.
კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტთა უფლებების დაცვის თვალსაზირისით შემდეგი ვითარებაა:
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის კონტექსტში რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად მიუთითეს: ა) დისკრიმინაციაზე მათი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის გამო, რაც ძირითადად გამოიხატა რელიგიური აკრძალვების და შეხედულებების გაუთვალისწინებლობაში (სულ 79 შემთხვევა); ბ) სამედიცინო მონაცემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე ოჯახის წევრებთან (სულ 39 შემთხვევა) და გ) სხვა/უცხო ადამიანებთან (სულ 19 შემთხვევა).
სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების თვალსაზრისით გამოიკვეთა შემდეგი: სამედიცინო პერსონალი საერთოდ არ საუბრობდა: ა) სამედიცინო მომსახურების ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ (39.8%); ბ) პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ (39.6%); გ) სამედიცინო მოსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგების შესახებ (39.1%); დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო მომსახრურების, მათი თანმხლები რისკებისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ (37.1%), ექიმის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (35.2%).
ენობრივი ბარიერი სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ექმნება გამოკითხულთა დაახლოებით მეხუთედს.
ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა გამოვლინდა 17 შემთხვევაში, როდესაც პაციენტს მისი ნებართვის გარეშე ჩაუტარეს სამედიცინო მომსახურება.
სიცოცხლის უფლების დარღვევაზე მიუთითა 46-მა რესპონდენტმა, რაც გამოიხატა სამედიცინო პერსონალის დაუდევრობისა და არაკომპეტენტურობის გამო პაციენტის გარდაცვალებაში.
ღირსების შემლახავი მოპყრობა ძირითადად დაუკავშირდა პალიატიურ პაციენტებს: 85 რესპონდენტიდან (ვინც დააფიქსირა მათ უშუალო გარემოცვაში უკურნებელი სენით ავადობა ბოლო 10 წლის განმავლობაში) მხოლოდ 33-ს მიუწვდებოდა ხელი ყველა საჭირო მედიკამენტზე. არახელმისაწვდომობის ძირითადი მიზეზად სახელდება არასაკმარისი ფინანსები.
რაც შეეხება დისკრიმინაციაზე რეაგირებას და თანასწორობის უფლების დაცვას, ზემოაღნიშნულ დარღვევებზე მოქალაქეების/პაციენტების რეაგირების მაჩვენებელი ძალზე დაბალია. კერძოდ, დაფიქსირებულია მხოლოდ 7 ასეთი შემთხვევა.
რაც შეეხება, საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობას, კვლევაში ეს საკითხი პაციენტის უფლებებთან მიმართებით, განხილულია ორი მიმართულებით: ა) თვითმმართველობის დონეზე ჯანდაცვის პროგრამების საჯარო განხილვაში მონაწილეობა და ბ) ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ღონისიძებებში მონაწილეობა. მონაცემები აჩვენებს, რომ მოქალაქეები არ არიან ჩართულები საჯარო პოლიტიკაში: მათგან მხოლოდ 4-ს მიუღია თვითმმართველობის დონეზე ჯანდაცვის პროგრამის საჯარო განხილვაში მონაწილეობა და მხოლოდ 16-ს - ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ღონისძიებებში.