ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევაში, ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა 41.4%-მა საჭიროების მიუხედავად სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღო.
რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ 2 წლის განმავლობაში ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც სჭირდებოდათ სამედიცინო მომსახურების მიღება, მაგრამ არ მიუღიათ. ამის მიზეზს, როგორც წესი, ოჯახების დაბალი ფინანსური შესაძლებლობა წარმოადგენს (და არა პაციენტის უფლებების შელახვა).
კვლევამ აჩვენა, ოჯახების მხოლოდ 6.7% იყენებს კერძო სამედიცინო (კორპორატიულ ან ინდივიდუალურ) დაზღვევას, დიდი უმრავლესობა საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს. დაზღვევა, ძირითადად, ხმარდება ექიმ-სპეციალისტების მომსახურებას და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს.
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას პოზიტიური შეფასება აქვს; თუმცა გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი აცხადებს, რომ დაბალი ხელმისაწვდომობა აქვს ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ტერიტორიული ხელმიუწვდომლობაა: ჯანდაცვის ობიექტებს შორის ტერიტორიულად ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა საავადმყოფო, ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი - აფთიაქი.
ჯანდაცვის სერვისებიდან ყველაზე ფართოდ იყენებენ ამბულატორიულ მომსახურებას (ოჯახების წევრების მესამედი), შემდეგ - სასწრაფო სამედიცინო დახმარება (13.1%) და ბოლოს - ჰოსპიტალური მომსახურება (9.4%). მიმართვიანობის სიხშირითაც ამბულატორიული კლინიკები გამოირჩევა (საშუალოდ 5 მიმართვა ბოლო 2 წლის განმავლობაში)-" ამბობენ კვლევის ავტორები.
კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩაატარა.
კვლევის შედეგები ემყარება ოჯახების გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. სულ გამოიკითხა 1004 რესპონდენტი, რომელთაც მკვლევარებს 3623 წევრზე მიაწოდეს ინფორმაცია. გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯენელი (63.2%) და სომეხია (32%).