მე ვიძლევი გარანტიას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომ მაქსიმუმ ერთ საათში ყველა დაკავებული გათავისუფლდება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „მოამბის" ეთერში განაცხადა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და არ აჰყვნენ ცალკეული პარტიების წარმომადგენლების მოწოდებებს.
„პირველ რიგში აჭარის მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად შეინარჩნონ სიმშვიდე. ვიცი, რომ რთული ვითარებაა, ვნებათაღლევაა; ვიცი, რომ ქუჩებში გამოსულია ხალხი. მე სულ რამდენიმე საათში ვბრუნდები აჭარაში, გზაში ვარ, 2-3 საათში ჩამოვფრინდები და შევუერთდები მათ. მე მინდა გითხრა, რომ ამ წუთას ველაპარაკე შს მინისტრს. და ვთხოვე მას, დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების, ბათუმელების გათავისუფლება. მივიღე პირობა, რომ მაქსიმუმ ერთ საათში მოხდება ჩვენი ყველა თანამემამულის, ბათუმელი ბიჭების გათავისუფლება. მე ვიძლევი ამის გარანტიას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს საათში ჩვენ ჩავატარებთ შესაბამის ღონისძებებს, თათბირს ყველა რგოლთან, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევინარჩნოთ სიმშვიდე. ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, არ ავყვებით პროვოკაციებს" - თქვა ზურაბ პატარაძემ.
მისი თქმით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულთა შორის არიან როგორც პოლიციელები, ასევე დემონსტრანტები.
შს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბათუმში პოლიციის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები პოლიციის მიმართულებით ქვებს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისროდნენ, რის შემდეგაც მათ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენეს და ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. მისი თქმით, დემონსტრანტები ამ წუთებშიც ცდილობენ პოლიციის შენობაში შეჭრას.
ბათუმში მიმდინარე აქციებზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვენ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, ციალა ქათამიძე ბათუმში აქციაზე დაკავებულებს შეხვდა.
მისი განცხადებით, დაკავებულების თქმით, მათ არა აქვთ პრეტენზია პოლიციის მიმართ. რაც შეეხება „პლაზასთან“ დაკავებულ პირს, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ როგორც დაკავებულმა აღნიშნა, მის მიმართ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია.